Foto

ხაბეიშვილი - სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, მზად ვართ, პარლამენტი და საკრებულოები დავტოვოთ

სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, მზად ვართ, დავტოვოთ პარლამენტი, საკრებულოები და ენმ-ის ცენტრალური ოფისი ივანიშვილს გადავუფორმოთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, თუ "ქართული ოცნება" აღნიშნულ შეთავაზებას დათანხმდება და მესამე პრეზიდენტს გაათავისუფლებს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" "ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლას მინუსებიდან დაიწყებს".

"მიშა სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, მე, ლევან ხაბეიშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" მზად ვართ, დავტოვოთ პარლამენტი, დავტოვოთ საკრებულოები მთლიანად 500-ზე მეტმა წევრმა და "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისი გავუფორმოთ ბიძინა ივანიშვილს და დავიწყოთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის მინუსებიდან. ჩათვალეთ, რომ ოპოზიცია არ არის საკრებულოებში, არ არის პარლამენტში, აღარ აქვთ არანაირი ოფისი - ეს ხომ მათი ოცნებაა? ხომ ამიტომ ჰყავთ სააკაშვილი პოლიტიკურ მძევლად? ჩვენ ეს შედეგი თუ დადგება, დღესვე მზად ვართ, რომ ათ წუთში ეს პრობლემა მოვაგვაროთ... მათ უნდათ ოპოზიციის განადგურება, ამდენი წელია ებრძვიან ხომ? მე ვთავაზობ მათ - რომ გავალთ პარლამენტიდან, საკრებულოებიდან, პარტიის ცენტრალურ ოფისს კობახიძეს გადავუფორმებთ", - განაცხადა ხაბეიშვილმა.