Foto

საქართველომ წელს კანდიდატის სტატუსი აუცილებლად უნდა მიიღოს - კობახიძე ევროკომისიის ანგარიშზე

ანგარიშიდან ცხადად ჩანს, რომ საქართველო ყველა პარამეტრით იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა. 

როგორც კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე დასძინა, ევროკომისიის შეფასების დოკუმენტი ცხადყოფს, რომ საქართველომ წელს აუცილებლად უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. 

"დღეს გამოქვეყნდა ევროკომისიის შეფასების დოკუმენტი, რომელიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ შარშან შევსებულ კითხვარებს ეფუძნება.

პირველ რიგში, მადლობას ვუხდით ევროკომისიას ჩვენი ქვეყნის ძალიან დადებითი შეფასებისთვის.
შეფასების დოკუმენტით ევროკომისიამ თავადვე დაადასტურა ის, რასაც გასული წლის ივნისიდან ვამტკიცებდით: ანგარიშიდან ცხადად ჩანს, რომ საქართველო ყველა პარამეტრით იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს.

საქართველო მნიშვნელოვნად, მთელი 12 ქულით უსწრებს მოლდოვას და თითქმის ყველა საკვანძო პარამეტრით უსწრებს უკრაინას.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რამდენად სამართლიანი იყო ევროკავშირის სტრუქტურების მიერ შარშან მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამის განსჯა საზოგადოებისთვის მიგვინდია.
გვინდა შეგახსენოთ, რომ შარშან რადიკალურმა ოპოზიციამ, მასთან დაკავშირებულმა ენჯეოებმა და მედიასაშუალებებმა ევროპული სტრუქტურების გადაწყვეტილება ქვეყანაში ვითარების არევისა და პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობისთვის გამოიყენეს. ამ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, ყველაზე მდიდარი ენჯეოები მთავრობის გადადგომასაც კი ითხოვდნენ.

კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ქართულ საზოგადოებას, რომელმაც მაშინ ყველაფერი სწორად შეაფასა და ანტისახელმწიფოებრივი მიზნებით მოქმედ ძალებს ქვეყანაში ვითარების არევისა და მშვიდობის დარღვევის შესაძლებლობა არ მისცა.

ევროკომისიის შეფასების დოკუმენტი ცხადყოფს, რომ ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პირობებში, საქართველომ წელს აუცილებლად უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი",- განაცხადა კობახიძემ. 

ცნობისთვის, ევროკომისიამ საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც რამდენიმე სფეროს ეხება, მათ შორის მართლმსაჯულებას, შიდა ბაზარს, კონკურენციის პოლიტიკას, მწვანე პოლიტიკას, სოფლის მეურნეობასა და საგარეო ურთიერთობებს.

ანგარიში ეფუძნება საქართველოსთვის გაგზავნილ კითხვარებზე 2022 წლის აპრილში მიღებულ პასუხებს და მოიცავს პრაქტიკულად, ყველა სფეროს.