Foto

ხაბეიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ველოდები მიშას ყველა გულშემატკივარს, იქ უნდა განვიხილოთ სამომავლო გეგმები

ენმ-ის ახლადდანიშნული თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის სამოქმედო გეგმის შესახებ განცხადებას დღეს, პარტიის ოფისში გააკეთებენ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ველოდები მიშას ყველა გულშემატკივარს, იქ უნდა განვიხილოთ სამომავლო გეგმები. პარტიაში გაკეთდება განცხადება. ჩვენი ქვეყნის ყველა გულშემატკივარს დღესვე ველოდები „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში. საზოგადოებას მივაწვდით კონკრეტულ ინფორმაციას“, – ამბობს ხაბეიშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებას, წერილით ეხმაურება. 

"მე ვერაფერი გამტეხავს! ახლა გაბრაზების და ბრძოლის დროა! ყველა ძალის გაერთიანების დროა! ჩვენ რუსეთზე გადასაცემი საქართველო არ გვაქვს!, - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ დასკვნით სხდომაზე გამოაცხადა.

მანამდე საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე სხდომა დასკვნითი სიტყვებით განახლდა. გადაწყვეტილება კი მოსამართლე არევაძემ სწორედ ადვოკატებისა და პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების მოსმენის შემდეგ გამოაცხადა.