"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. როგორც ბეჟაშვიილმა ცოტა ხნის წინ, საკანონმდებლო ორგანოში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, იმ ფონზე, როდესაც თბილისის საქალაქო სამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ფრაქცია კონსულტაციებს მანდატების დატოვების შესახებაც მართავს.
ლევან ბეჟაშვილი, რომელიც საზოგადოებას აქტიური სამოქალაქო პროტესტისკენ მოუწოდებს, არ გამორიცხავს, რომ საპარლამენტო ფრაქციამ, ვითარების განვითარების შესაბამისად, პროტესტის კიდევ უფრო მძიმე ფორმებიც გამოიყენოს.
"ამ ვითარებაში, როდესაც პოლიტიკური სივრცე აღარ არსებობს სახელმწიფობრივი გადაწყვეტილებებისთვის და ხელისუფლება მხოლოდ პოლიტიკური შურისძიების მოტივით მოქმედებს, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იღებს გადაწყვეტილებას და ფრაქცია აღარ მიიღებს საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას, რაც გულისხმობს არც პლენარულ სხდომებზე დასწრებას, არც საკომიტეტო მოსმენებზე და არანაირ საპარლამენტო ფორმატში მონაწილეობას აღარ მივიღებთ.
პარტია და ფრაქცია გააგრძელებს კონსულტაციებს პროტესტის კიდევ უფრო მძიმე ფორმების შესახებ - საუბარია მანდატების დატოვებაზეც. ამ საკითხზე ჩვენ კონსულტაციები გვექნება ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, გარე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან და ბუნებრივია, პოლიტიკური ვითარების განვითარების კვალდაკვალ, ფრაქციას გვექნება გადაწყვეტილება, კიდევ უფრო მძიმე პროტესტის ფორმები გამოვიყენოთ... "ქართული ოცნება" ცდილობს, ქართული საზოგადოება აქციოს კოლექტიური მკვლელების საზოგადოებად. აიძულებს ხალხს, ვიყოთ ჩუმი თანამონაწილეები მესამე პრეზიდენტის მოკვდინების. 21-ე საუკუნეში ეს ჩვენმა საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას. მოვუწოდებთ საზოგადოებას აქტიური სამოქალაქო პროტესტისკენ. ვაჩვენოთ ხელისუფლებას ხალხის ძალა", - განაცხადა ბეჟაშვილმა.
პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თქმით, "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ექსპრეზიდენტის "განზრახ მკვლელობის ფაქტი გაფორმდა".
"გუშინ ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით გაფორმდა რუსი ოლიგარქიული რეჟიმის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამების, არაადამიანური მოპყრობისა და განზრახ მკვლელობის ფაქტი. სასამართლოს დამოუკიდებლობა და სამართლიანობა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებით იზომება. ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო ფიქციაა და პოლიტიკური შურისძიების იარაღი. საზოგადოებამ იხილა პოლიტიკური შურისძიებით ინსპირირებული სამივე ხელისუფლების მიერ შეთანხმებული სისტემური დანაშაულებრივი მოქმედება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ. ეს გადაწყვეტილება არის რუსული რევანში საქართველოს წარმატების სიმბოლოზე, მიხეილ სააკაშვილზე. ეს გადაწყვეტილება არის საქართველოს ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება", - აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ, 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.
ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.
მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის შუამდგომლობას უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press