საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს პრესსამსახური, "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის მიერ, რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ პოზიციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"საზოგადოებრივ ცხოვრებაში არის ასეთი კანონზომიერება: პოლიტიკოსები გამოცდილებას წლების განმავლობაში იძენენ, პოლიტიკანები კი ჯამბაზებად გადაგვარდებიან. როგორც ჩანს, შალვა ნათელაშვილმა, რომელიც ინერციით რეესტრებში არის შეტანილი ხმამაღალი ტიტულით "საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, საბოლოოდ გადაწყვიტა თავისი სტატუსი ჯამბაზად დაეფიქსირებინა.
მთელი მისი მოღვაწეობა მრავალი ათწლეულის მანძილზე უკვე შენარჩუნებული იყო მძვინვარე პოპულიზმის ჟანრში. თუმცა, ამან ოდნავადაც არ შეუწყო ხელი მის საარჩევნო შედეგებს, რამაც საბოლოოდ მიიყვანა პარტია, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, სტატისტიკური შეცდომის ზღვარზე მყოფი ამომრჩევლების სიმპათიამდე.
რა თქმა უნდა, ამა თუ იმ ჯგუფის ქცევის არჩევანი მისი წევრების გემოვნების საკითხია. თუმცა, ასევე არსებობს უძველესი იმპერატივი, რომ ერთის თავისუფლება შეიძლება გავრცელდეს მეორის თავისუფლების საზღვრებამდე. საერთაშორისო ურთიერთობებში კი ეს ძირითადი პოსტულატია. სწორედ მას ეყრდნობა საერთაშორისო სამართლის ყველა ფუნდამენტური პრინციპი და სახელმწიფოთა თანაარსებობის ჩვეულებები და წესები. იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა და სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის ასპირანტმა, თეორიულად, ბუნდოვნად მაინც უნდა გაიხსენოს ეს ძირითადი ჭეშმარიტებები. მაგრამ პირიქით აღმოჩნდა...
6 თებერვალს შ. ნათელაშვილმა გადაწყვიტა კიდევ ერთხელ შეეხსენებინა საკუთარი თავი საზოგადოებისთვის და ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე ძირითად საკითხებზე ხანგრძლივი დუმილის მიუხედავად, მისთვის ჩვეულ სტილში გაეკეთებინა სკანდალური განცხადება, მან მოულოდნელად აღმოაჩინა საქართველოს "მთავარი პრობლემა..." მრავალსაუკუნოვანი, უძველესი და თანამედროვე ისტორიის ათწლეულების სტრატეგიული პარტნიორი და კარგი მეზობელი - აზერბაიჯანი; რა თქმა უნდა, მარგინალურ პოლიტიკოსებს შეიძლება ჰქონდეთ ძალიან არასტანდარტული და ალოგიკური შეხედულებები, მაგრამ მათაც კი უნდა ჰქონდეთ საზღვარი.
არავის აქვს უფლება შეურაცხყოფა მიაყენოს ქვეყანას, მის სიმბოლოებს და სახელმწიფოს მეთაურს. ეს არის ტაბუ, არამარტო საერთაშორისო პოლიტიკის, არამედ უბრალოდ ადამიანური სინდისის თვალსაზრისით.
მით უმეტეს, ამგვარი დაბალი მორალური, პოლიტიკურად პროვოკაციული და დიპლომატიური თვალსაზრისით არაკომპეტენტური განცხადებები ჩრდილს აყენებს სახელმწიფო საზღვრების დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხს, რომელიც მიმდინარეობს ორივე მხარის შესაბამისი უწყებათაშორისი კომისიების ფარგლებში და რომელსაც პროფესიონალები განიხილავენ.
ამ კომისიების მუშაობა პროფესიულ სიჩუმეს მოითხოვს და ამ პროცესზე კომენტარის გაკეთების ნებისმიერი პოპულისტური მცდელობა, ქირურგიული ოპერაციის პროცესში, ხმაურიანი მოყვარულის ჩარევას ჰგავს, და ორივე შემთხვევაში შედეგი შესაბამისი უნდა იყოს - დილეტანტი სკანდალისტის გაძევება მოცემული სივრციდან.
ეს ყველაფერი ანბანური ჭეშმარიტებაა, მაგრამ ჩნდება კითხვა: რატომ გაილაშქრა "მთავარმა ლეიბორისტმა" ახლა ასე მოულოდნელად აზერბაიჯანის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობით იწყებს ძირითად და უმსხვილესი სტრატეგიული პროექტების რეალიზებას შუა დერეფნის ლოგიკის ფარგლებში? სად არის საქართველოს, აზერბაიჯანის და მთელი რეგიონის ობიექტური ინტერესები და სად არის იაფი ფარსი და ქაოსის შექმნის მცდელობები? ჭეშმარიტი პოლიტიკოსი და დიპლომატი უპირველეს ყოვლისა მუშაობს ურთიერთობის ხარისხის გაუმჯობესებაზე, პირველ რიგში, მთავარ მეზობლებთან და გარე პარტნიორებთან, ხოლო აურზაური და პოლიტიკანური კლოუნადა - ეს "ნათელაშვილი და პარტნიორების" ცირკის ხვედრია," - აღნიშნულია აზერბაიჯანის საელჩოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისათვის, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა რამდენიმე დღის წინ, დავით გარეჯის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე აზერბაიჯანის მიერ ხორციელდება არქეოლოგიური გათხრები და არტეფაქტები გაურკვეველი მიმართულებით გადააქვთ. ნათელაშვილი მოუწოდებს იუნესკოს, გამოყოს შესაბამისი კომისია და ძეგლის მდგომარეობა ადგილზე შეამოწმოს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press