Foto

აღუდექით წინ საერთო მტერს და დაგვიჭირეთ მხარი ამ რთულ ბრძოლაში - ზელენსკი ევროპარლამენტარებს

აღუდექით წინ საერთო მტერს და დაგვიჭირეთ მხარი ამ რთულ ბრძოლაში,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, რუსეთი, ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობდა გაენადგურებინა ყველა ის ღირებულება, რომელიც ევროპაში არსებობს და ეს არ ემსახურება არავის ინტერესებს, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც იმყოფებიან კრემლში.

"ძვირფასო პრეზიდენტო, ძვირფასო პარლამენტის წევრებო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ შესანიშნავი წარდგენისთვის და თქვენი წვლილისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. დიდი მადლობა იმისათვის, რომ ინარჩუნებთ პრინციპულ პოზიციას, რომელსაც მუდმივად ვხედავთ, რომელიც არ იცვლება ამ რთული პერიოდის განმავლობაში უკრაინისთვის. ეს არის ნამდვილად ჩვენი გამარჯვების წინაპირობა. ევროპას გაუმართლა, რომ გააჩნია ყველაზე მსხვილი საპარლამენტო ყრილობა და მე ვიცი, რომ თქვენი აბსოლუტური უმრავლესობისგან ვიღებ მხარდაჭერას, რისთვისაც მინდა გადაგიხადოთ მადლობა.

ძვირფასო ევროპის წარმომადგენლებო, მივმართავ ყველა ევროპელს, რომელიც მოითვლის ასობით მილიონ ადამიანს კონტინენტის მასშტაბით, თქვენ დღეს აქ წარმოდგენილნი ხართ ორი სტატუსით: ევროპის წარმომადგენლები და ევროპის ლიდერები, ჩვენ ვიბრძვით ევროპის თავისუფლებისათვის, ჩვენ ვიბრძვით თანამედროვე ევროპისთვის, ეს არის ევროპული ცხოვრების წესი, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, იცხოვროს ისე, როგორც სურს. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უსაფრთხოება და მრავალფეროვნება უნდა დაფასდეს შესაბამისად. ეს ყველაფერი გაერთიანებულია სამართლებრივი პრინციპების ფარგლებში, როდესაც საზღვრებს არ არღვევენ მეზობლები და თავს არ ესმიან მეზობელ ქვეყნებს, როდესაც ადამიანები ენდობიან ერთმანეთს, აქვთ ნდობა ხვალინდელი დღის მიმართ. ჩვენ ვიცით, რომ დღეს ამისათვის არსებობს ერთადერთი მთავარი გარანტია, ეს არის სამართლებრივი არჩევნები, ეს არის ჩვენი ევროპა, ეს არის ჩვენი ცხოვრების გზა.

რაც შეეხება უკრაინას, ეს არის უკრაინის გზა შინისაკენ, უკრაინის გზა ევროპისაკენ. მე დღეს აქ ვარ იმისათვის, რომ დავიცვა ჩვენი ხალხის სათქმელი, ჩვენი ხალხის პრინციპები. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინა დღეს ძალიან რთულ ვითარებაში იმყოფება და იბრძვის იმისათვის, რომ დაიცვას ევროპული ღირებულებები. ჩვენ ისტორიულად გვაერთიანებს არაერთი პრინციპი, ევროპული ცხოვრების გზა ნაცნობია უკრაინისათვისაც და სწორედ ამის განადგურებას ცდილობს დღეს ჩვენი მტერი. რატომ? იმიტომ, რომ მტერს სურს, გაანადგუროს ევროპული ღირებულებები და ეს პირდაპირი თავდასხმაა ევროკავშირის 27 ქვეყანაზე, რის ნებასაც ჩვენ მტერს არ დავრთავთ. ჩვენ ვგულისხმობთ, რა თქმა უნდა, რუსეთს, რომელიც თავს არ ესხმის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ტერიტორიას, არამედ ევროპულ პრინციპებსაც. ეს არის დიქტატორი, რომელსაც აქვს უზარმაზარი მარაგი საბჭოთა იარაღისა, რომელსაც ამჟამად იყენებს ჩვენს წინააღმდეგ. იმისათვის, რომ ვებრძოლოთ კრემლს, აუცილებელია თქვენგან მივიღოთ მხარდაჭერა.

რუსეთი, ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობდა გაენადგურებინა ყველა ის ღირებულება, რომელიც ევროპაში არსებობს და ეს არ ემსახურება არავის ინტერესებს, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც იმყოფებიან კრემლში.140-მდე მილიონი რუსი მოქალაქე იქნა მობილიზებული, ის ადამიანების, რომლებსაც აქვთ იმის უნარი, რომ აიღონ იარაღი ხელში და იბრძოლონ წინა ფრონტზე, ისინი ემორჩილებიან დიქტატორებს, ისინი იქცნენ კრემლის ძალადობის წყაროდ. რუსული რეჟიმი დგას სიძულვილზე, ისინი აქცენტს აკეთებენ ქსენოფობიაზე და ცდილობენ, რომ დანერგონ სიძულვილი მთელი კონტინენტის მასშტაბით. მათი არაადამიანური თავდასხმები შეუსაბამოა 21-ე საუკუნისათვის და პასუხი ამაზე, უნდა იყოს გაუერთიანებული მთელი ევროპისათვის. ჩვენ ვიცავთ მთელ კონტინენტს ანტიევროპული ძალებისგან, ჩვენ ვიცავთ უკრაინულ საზღვრებს თქვენთან ერთად. მე მოგიწოდებთ, რომ გავაგრძელოთ თანადგომა საერთო მტრის წინააღმდეგ. ჩვენ არ დავნებდებით, გავაგრძელებთ ბრძოლას, სადაც არ უნდა ვიყოთ, ყველგან ვიბრძოლებთ ამ ძალადობის წინააღმდეგ, იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ უკეთესი მომავალი ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისათვის. ჩვენი ოცნება მხოლოდ და მხოლოდ უკავშირდება მშვიდობასა და უსაფრთხოებას. რამდენად იქნება ეს მიღწევადი, დამოკიდებულია ჩვენზე, ჩვენს ერთიანობაზე, ყველა ჩვენგანზე, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს გამარჯვებას შეუძლია მტრის შეჩერება, ევროპული ღირებულებების გაძლიერება და გადარჩენა, ჩვენი გამარჯვება, ამ შემთხვევაში, უმთავრესია.

შესაბამისად, მივმართავ ევროპელ ლიდერებს, დეპუტატებს, ევროპარლამენტის წევრებს და ყველა სხვა ინსტიტუტის წარმომადგენლებს, აღუდგნენ წინ საერთო მტერს და დაგვიჭირონ მხარი ამ რთულ ბრძოლაში. მივმართავ ასევე დიპლომატებს, პროფესორებს, მეცნიერებს, ყველა ადამიანს, რომელსაც შეუძლია წვლილის შეტანა აღნიშნულ ომში, ყველანი უნდა დავდგეთ ერთად, ბიზნესმენებს, მცირე მეწარმეებს, ბანკებს, სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს, აქტივისტებს, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ადვოკატებს, მოსამართლეებს, ადამიანთა უფლებების დამცველებს, ჩვენ არასოდეს ვდგავართ ამ საფრთხის წინაშე, თქვენს გარეშე, ეს ბრძოლა წაგებულია. ყველა თქვენგანის წვლილი არის უმნიშვნელოვანესი, იმისათვის, რომ მივაღწიოთ საბოლოო შედეგს - გამარჯვებას. ეს აგრესია მხოლოდ და მხოლოდ ჩემს წინააღმდეგ არ არის მომართული, ეს არის მომართული ევროპის წინააღმდეგ, შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ ასობით განადგურებული უკრაინული ქალაქი და სოფელი არის თითოეული ჩვენგანის ტკივილი. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ისტორიული მხარდაჭერისათვის. 

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ეხმარება ჩვენს ხალხს, ჩვენს მოქალაქეებს, იმ ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ, რომლებიც აგზავნიან ჰუმანიტარულ დახმარებას, რომლებიც უწესებენ სანქციებს რუსეთს, ებრძვიან რუსულ დეზინფორმაციას, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველა თქვენგანსმინდა ასევე მადლობა გადაგიხადოთ, ყველას ვინც გვიგზავნის იარაღს და სხვადასხვა აღჭურვილობას, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ვებრძოლოთ მტერს, რაც საშუალებას გვაძლევს არ დავნებდეთ და გავაგრძელოთ ბრძოლა თავისუფლებისათვის, ამისთვისაც მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რადგან ჩვენ ვიცავთ ევროპული ცხოვრების წესს, ევროპულ ღირებულებებს. უკრაინა იცავს ევროპულ ღირებულებებს.

მინდა შევაქო თქვენი გაბედული გადაწყვეტილებები. ევროპულმა კომისიამ მიიღო არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, დააწესა არაერთი მნიშვნელოვანი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ, რაც აუცილებელია რუსული აგრესიის შესაჩერებლად. ჩვენ მარტო ვერ დავრჩებით რუსული აგრესიის წინააღმდეგ, გვჭირდება მხარდაჭერა, რადგან მტერი არის გაცილებით უფრო მრავალრიცხოვანი, ამიტომ ევროკავშირს ვუხდი მადლობას გამოჩენილი მხარდაჭერისთვის, რაც გვაძლევს მოტივაციას, რომ განვაგრძოთ ბრძოლა, არ დავნებდეთ და დავიცვათ ჩვენი ღირებულებები, ჩვენი თავისუფლება.

დღეს ევროპული საბჭოს სხდომაზე პირადად მექნება იმის საშუალება, რომ პირადად გადავუხადო მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც პასუხისმგებელია გადაწყვეტილებებზე, რომელიც მიღებული იქნა უკრაინის მხარდასაჭერად. ამ მხარდაჭერის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსული ოლიგარქია თანდათან მარცხდება და უკრაინა იცავს საკუთარ თავს წარმატებით. ეს აუცილებელია, რათა აღკვეთოს რუსული იმფილტრაცია ევროპულ კონტინენტზე. პირველად ისტორიაში, ევროკავშირმა უზრუნველყო სამხედრო მხარდაჭერა რაც გამოიხატება იარაღის მიწოდებაში იმ ქვეყნისათვის, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. უკრაინა იბრძოლებს ბოლომდე, უკრაინა იქნება მადლიერი ევროკავშირის და უკრაინა აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, ეს არის ჩვენი მომავალი. შეიძლება ზოგიერთმა თქვენგანმა ვერ გააცნობიეროს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყველანაირი მხარდაჭერა, რომელსაც თქვენ გვიცხადებთ, რამდენად გვაძლიერებს ეს მხარდაჭერა. ჩვენ ვიცავთ ევროპულ პრინციპებს, ამ შემთხვევაში ჩვენ წარმოვადგენთ მთელ ევროპას, ჩვენ ვიცით, რომ ევროპას გააჩნია საკუთარი ღირებულებები, საკუთარი ცხოვრების წესი და სწორედ ამისთვის ვიბრძვით. შესაბამისად არ  დავიხევთ უკან რუსული აგრესიის წინაშე და აუცილებლად შევცვლით არსებულ სიტუაციას უკეთესობისაკენ, რადგან ჩვენ გონებით და აზროვნებით ვართ ევროპელები და ჩვენთვის აუცილებელია, რომ მივყვეთ ევროპული ცხოვრების წესს. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველა თქვენგანს. დიდება ყველა უკრაინელს, ვინც იბრძვის ქვეყნის დასაცავად. დიდება უკრაინას",- განაცხადა ზელენსკიმ.