Foto

კუბილიუსი - საქართველოს სათავეში უდგას ოლიგარქი, სააკაშვილის ციხეში დატოვება მასზეა დამოკიდებული

"ქართული ოცნება" გამიზნულად ცდილობს, ევროპულ ინსტიტუტებთან ურთიერთობა დააზიანოს, - ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

როგორც კუბილიუსმა ტელეკომპანია ფორმულასთან" საუბრისას თქვა, თუ პარტია "ასეთ ქცევას განაგრძობს", შედეგად მიიღებს იმას, რომ ევროკავშირის მიმართულებით გზას ვეღარ გააგრძელებს. 

"ევროპარლამენტი აჟღერებს მოსაზრებებს, დანარჩენი დამოკიდებულია "ქართულ ოცნებაზე" - მათ ექნებათ დრო, რომ გადაწყვიტონ, რამდენად სურთ დააზიანონ საკუთარი ურთიერთობა ევროპულ ინსიტუტებთან, მთლიანად მათზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, ამჟამად, მე ვხედავ, რომ არსებობს იმის საფრთხე, მმართველმა პარტიამ და ქართულმა მთავრობამ არ მიიღოს მხედველობაში ჩვენი რეკომენდაციები. ისინი გამიზნულად ცდილობენ დააზიანონ ურთიერთობა ევროპულ ინსტიტუტებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს არ ექნება იმის საშუალება, რომ განაგრძოს გზა ევროკავშირის მიმართულებით და იქცეს ევროკავშირის წევრად. ეს იქნება აუცილებლად შედეგი, თუკი მმართველი პარტია ასეთ ქცევას განაგრძობს", - აცხადებს კუბილიუსი.

ევროპარლამენტარი იმედოვნებს, რომ ევროდეპუტატების უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარს დაუჭერს.

"ეს არის რეზოლუცია, რომლიც კენჭისყრაც გაიმართება უახლოეს მომავალში. იმედი მაქვს, რომ უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს. ჩვენ ვიცით, რომ ევროპარლამენტს სურს ამ საკითხებზე პასუხის მიღება და დაინტერესებულია საქართველოში არსებული ვითარებით და შესაბამისად, აუცილებლად შემოიღებს მსგავს სანქციებს, რადგან როგორც ევროპარლამენტმა წინა რეზოლუციებში განაცხადა, ჩვენ ვხედავთ ცალსახად, რომ საქართველოს სახელმწიფოს სათავეში უდგას ოლიგარქი და საპარლამენტო უმრავლესობაც სწორედ მის გვერდით დგას. ასეთ ვითარებაში მიხეილ სააკაშვილის ციხეში დატოვება დამოკიდებულია სრულად აღნიშნულ ოლიგარქზე. ამიტომ, ჩვენ მხარს დავუჭერთ რეზოლუციას, რომელიც სანქციების დაწესებას ემსახურება. ამ ყველაფრის მიზანი არის ის, რომ საქართველომ, როგორც სახელმწიფომ, იფიქროს არა მხოლოდ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, არამედ იფიქროს საკუთარ ევროპულ მომავალზეც, საკუთარ რეპუტაციაზე, რომელიც ზიანდება. მე იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ქართული ოცნება" გააცნობიერებს, რომ აღნიშნული ვითარება, რომელიც უკავშირდება ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრებას, მის ჯანმრთელობაზე ცუდად ზრუნვას, მნიშვნელოვნად დააზიანებს ქვეყანას. ეს, პირველ რიგში, აზიანებს საქართველოს პერსპექტივას, რომ იქცეს ევროკავშირის წევრად და ეს არ არის მოსაზრება, რომელსაც აჟღერებს ევროპარლამენტის რამდენიმე წევრი, როგორც ამას "ქართული ოცნება" ხატავს. ეს არის ევროპარლამენტის აზრი. ევროპარლამენტი აკვირდება მმართველი პარტიისა და ოლიგარქის ქცევას და კონკრეტულად იმას, თუ როგორ ექცევიან ისინი სააკაშვილს და რა თქმა უნდა, ეს იმოქმედებს საქართველოს პერსპექტივაზე, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი წელს", - განაცხადა კუბილიუსმა.