Foto

კალაძე - არ მოგვცემენ EU-ს კანდიდატის სტატუსს და თავისთვის დაიტოვონ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე ქართული წესებით ითამაშებს. ამის შესახებ მან ანდრიუს კუბილიუსის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. 

კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე დასძინა, რომ ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადება "შანტაჟის ნაწილია". 

„ეს არის იმ თამაშისა და შანტაჟის ნაწილი, რასაც ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში ვხედავთ და მას ხედავს საზოგადოებაც. საქართველოს ხელისუფლება ითამაშებს ქართული წესებით, გამოვა ქვეყნის ინტერესებიდან და გამოვა ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან. ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა და აკეთებს ამ რთულ გზაზე. თუმცა, თუ  მათი მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული კანდიდატის სტატუსის არმიცემასთან დაკავშირებით, არ მოგვცემენ სტატუსს და თავისთვის დაიტოვონ“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

მისივე თქმით, ე.წ. მეგობრებისთვის საქართველოს ხელისუფლება მისაღები არ არის იმიტომ, რომ ომში არ ჩაერთო. 

„მე უკვე ბევრჯერ ვთქვი და გავიმეორებ, რომ ეს არის დადგმული სპექტაკლი მიხეილ სააკაშვილის  „შემოტანით“ საქართველოში.  ეს გაკეთდა იმისთვის, რომ მომხდარიყო დაპირისპირება, გადატრიალება. ე.წ. მეგობრებისთვის საქართველოს ხელისუფლება არ არის მისაღები იმიტომ, რომ არ ერთვება ომში, აკეთებს ყველაფერს, რაც ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ხალხის ინტერესებს ეხება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა ტელეკომპანია ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" გამიზნულად ცდილობს, ევროპულ ინსტიტუტებთან ურთიერთობა დააზიანოს და თუ პარტია "ასეთ ქცევას განაგრძობს", შედეგად მიიღებს იმას, რომ ევროკავშირის მიმართულებით გზას ვეღარ გააგრძელებს.