Foto

ხაჭაპურიძე პენიტენციურის კადრებზე - მე რაც ვნახე იქ დაჩქარებული კადრებიცაა, როცა სააკაშვილი გადაადგილდება, ლამისაა დარბოდა

პენიტენციურმა სამსახურმა ამ კადრების ჩვენებით დაარღვია პერსონალური მონაცემების შესახებ კანონი და ამაზე დღესვე მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, - ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი პენიტენციური სამსახურის მიერ მესამე პრეზიდენტის კადრების გამოქვეყნებას.

მისივე თქმით, "ვივამედის" მიერ გავრცელებული მიხეილ სააკაშვილის კადრები, არ არის ავთენტური, ვინაიდან კადრები ზოგიერთ მომენტში აჩქარებულია თითქოს სააკაშვილი დარბის, ამით კი მათ უნდოდათ ენახებინათ, რომ სააკაშვილი კარგადაა.

"პენიტენციურმა სამსახურმა ამ კადრების ჩვენებით დაარღვია პერსონალური მონაცემების შესახებ კანონი და ამაზე დღესვე მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ევროპარლამენტი ემზადება რეზოლუციისთვის, რომელიც იქნება საკმაოდ მკაცრი. ეს არის დღევანდელი ხელისუფლების "ქართული რეზოლუცია" - რეზოლუციას პასუხობენ რეზოლუციით. მე რაც ვნახე იქ დაჩქარებული კადრებიცაა, როცა სააკაშვილი გადაადგილდება, ლამისაა დარბოდა და ამით აჩვენეს, რომ როცა სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ჩაერთო, სინამდვილეში ცუდად კი არაა, კარგადაა და გადაადგილდება", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.