Foto

შესაძლოა, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას საფრთხე შეუქმნას - პრაისი „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე

მიგვაჩნია, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი "უცხოური აგენტების შესახებ" "ხალხის ძალის" მიერ მომზადებულ კანონპროექტს.

როგორც ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული კანონპროექტი არა ამერიკულ ან სხვა რომელიმე, არამედ რუსეთის და უნგრეთის მსგავს კანონმდებლობას ეფუძნება.

"ჩვენთვის ცნობილია საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესახებ. ღრმად ვართ შეშფოთებულები იმით, თუ რა შედეგები შესაძლოა მოიტანოს მან საქართველოში სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ჩვენი აღშფოთება საქართველოს ხელისუფლებას უკვე მოვახსენეთ. შემოთავაზებული კანონი იძულებულს გახდის საქართველოს დამოუკიდებელ მოქალაქეებს, გაჩუმდნენ - იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკეთესი მომავლისკენ მიილტვიან. მიგვაჩნია, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას", - ნედ პრაისმა.

შეგახსენებთ, "ხალხის ძალის" წარმომადგენლებმა გუშინ, 15 თებერვალს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს დააინიცირებენ. ანტიდასავლურ მოძრაობაში ამბობენ, რომ შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.