"ვერ წარმოვიდგენდით, რომ სპეციალური ოპერაცია ჩატარდებოდა ორბელიანის სასახლიდან ხუთი ტილოს გასატანად, რომლებიც ხელოვნების სასახლიდან წერილობითი შეთანხმების შედეგად გადაეცა პრეზიდენტის სასახლეს" - ამის შესახებ სიმონ დადიანის ნათესავების მიერ თეა წულუკიანისადმი დაწერილ ღია წერილშია საუბარი.
სიმონ დადიანის საფრანგეთში მცხოვრები ნათესავების ლია და მიხეილ ვიდეს თხოვნით ვდებ ღია წერილს კულტურის მინისტრ ქალბატონ თეა წულუკიანისადმი. ლია და მიხეილ ვოდემ 2017 წელს უანგაროდ გადასცეს საქართველოს თავის საკუთრებაში არსებული სიმონ დადიანის 22 ნამუშევარი.
ღია წერილი კულტურის მინისტრს. 2017 წელს საქართველოსათვის ჩვენი წინაპრის, სიმონ დადიანის ნამუშევრების გადაცემით, მისი სურვილი შევასრულეთ, რამდენადაც სიცოცხლეში სიმონ დადიანმა ასე განაცხადა: „მსურს ჩემი ნამუშევრები გადაეცეს საქართველოს, როდესაც ის იქნება თავისუფალი და დამოუკიდებელი, რათა ისინი ყველამ გაიცნოს ჩემს სამშობლოში, რომელიც 5 წლის ასაკში დავტოვე“.
ამ სურვილის აღსასრულებლად ჩვენ ვთხოვეთ ჩვენი ბავშვობის მეგობარს, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც იმ დროს საქართველოს პარლამენტის წევრი იყო, რომ დავეკავშირებინეთ კულტურის სამინისტროსთან, რათა ჩვენი გეგმა უფრო ადვილად განგვეხორციელებინა. ამის შედეგად სიმონ დადიანის სურვილი აღვასრულეთ საქართველოს საელჩოში საფრანგეთში, სადაც ხელი მოვაწერეთ ჩვენს საკუთრებაში არსებული ნამუშევრების საქართველოსადმი გადაცემას.
ადრეც გვჯეროდა და დღესაც გვჯერა, რომ საქართველო შეასრულებს დაკისრებულ მოვალებას. ვერ წარმოვიდგენდით, რომ სპეციალური ოპერაცია ჩატარდებოდა ორბელიანის სასახლიდან ხუთი ტილოს გასატანად, რომლებიც ხელოვნების სასახლიდან წერილობითი შეთანხმების შედეგად გადაეცა პრეზიდენტის სასახლეს. საქართველომ პასუხისმგებლობა აიღო, რომ ამ ნამუშევრებს გააცნობდა საზოგადოებას. სად, თუ არა ორბელიანის სასახლეში, შეიძლება ამ ტილოების დათვალიერება.
რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, საქართველოს დიდი შრომა არ გაუწევია ამ ტილოების პოპულარიზაციისთვის, რაც დასანანია. პრეზიდენტის სასახლე სწორედ ამის საშუალებას იძლევა.
ქალბატონო მინისტრო, ხელოვნებას არ უყვარს ზეწოლა. დართეთ ნება, რომ ხალხმა იხილოს ეს ნამუშევრები და შესრულდეს საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან 2017 წელს აღებული ვალდებულება.
ლია ვოდე მდივანი
მიხეილ ვოდე მდივანი, - წერია წერილში.
4 თებერვალს ეროვნულ გალერეაში, სადაც გამოფენა გაიხსნა, ერთ-ერთმა მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევრები ჩამოხსნა და მის ნაცვლად კედელზე წარწერა დატოვა - "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია". შსს-მ ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო, რასაც ხელოვანების და საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა. 13 თებერვალს კი კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია პრეზიდენტის სასახლეში მივიდა და 5 ნახატი ჩამოხსნა. ადმინისტრაცია მომხდარს პოლიტიკურ თავდასხმად აფასებს.
ვითარება მაინც შეიძლება მნიშვნელოვნად გაუარესდე...
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებ...
მაქვს შესაძლებლობა და პატივი შემოგთავაზოთ ინტერ...
ტაკერ კარლსონი არ არის ბოლო ადამიანი ამერიკულ ჟ...
მოსკოვის პოკროვსკის მონასტრის იღუმენის იღუმენ ფ...
Mana press