Foto

მაკრონი - რუსეთის სრული დამარცხება არასოდეს ყოფილა და არც იქნება საფრანგეთის პოზიცია

მე არ მჯერა, როგორც ზოგიერთს, რომ რუსეთი მთლიანად უნდა დამარცხდეს, საფრანგეთს ასეთი პოზიცია არასოდეს იქნება, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. 

როგორც მაკრონმა აღნიშნა,  მას სურს, რომ უკრაინამ მოიგოს რუსეთის ფედერაციის მიერ დაწყებული ომი, თუმცა მიაჩნია, რომ ეს სამხედრო გზით არ მოხდება. 

”მე მინდა, რომ რუსეთი დამარცხდეს უკრაინაში და მინდა, რომ უკრაინამ შეძლოს თავისი პოზიციის დაცვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს საბოლოოდ სამხედრო გზით არ დასრულდება. მე არ მჯერა, როგორც ზოგიერთს, რომ რუსეთი მთლიანად უნდა დამარცხდეს. მათ უნდათ, უპირველეს ყოვლისა, რუსეთი გაანადგურონ. საფრანგეთს ასეთი პოზიცია არასოდეს დაუკავებია და არც არასოდეს იქნება“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, მისი თქმით, ამ ომში „ვერც ერთი მხარე ვერ გაიმარჯვებს სრულად“ – ვერც უკრაინა და ვერც რუსეთი.

„დღეს უკრაინას სჭირდება სამხედრო შეტევის წარმართვა, რომელიც დაარღვევს რუსეთის ფრონტს, რათა მოლაპარაკებებზე დაბრუნების პროვოცირება მოახდინოს“, - დასძინა მაკრონმა.