მივმართავ "ოცნებაში" დარჩენილ ადამიანებს - გადამალული ბიძინა ივანიშვილი თავისი დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად, გიყენებთ თქვენ და უნდა იცოდეთ, რომ ვერც ივანიშვილი გაიპარება უკანა კარებიდან და ვერც თქვენ გაიშვერთ ხელს ივანიშვილის მიმართულებით, რადგან ყველას პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზირებული, - ამის შესახებ ექსპრემიერმა და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
როგორც გახარიამ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, "ქართული ოცნების" ხელისუფლება ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის და მას ძალაუფლების შენარჩუნების სურვილით ანაცვლებს, "ნაციონალური მოძრაობა" კი, მზად არის, საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაში გაცვალოს.
"დღეს საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა, ისტორიას დრო მოუგოს და გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ამით მოიპოვოს გრძელვადიანი სტაბილურობა, კეთილდღეობა და გარანტირებული მშვიდობა. ევროპა მშვიდობაა, საპირისპიროდ, რუსეთთან მარტო დარჩენა კი, ნიშნავს ომს, ოკუპაციას. ეს არის ჩვენი ისტორიული გამოცდილება, რომელმაც ბევრჯერ დაგვანახა, რომ დასავლეთთან ერთობის გარდა, სხვა გეოპოლიტიკური არჩევანი ჩვენს რთულ რეგიონში, სამწუხაროდ, საქართველოს არ აქვს. ჩვენს ევროპულ მომავალს დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ხელისუფლება, რომლის პოლიტიკა არც გონივრული, არც ფრთხილი და არც დაბალანსებული უკვე აღარ არის. დღეს "ოცნება" ფსონს დებს უკრაინის დამარცხებაზე და მათი საგარეო პოლიტიკა სწორედ ამ ლოგიკას ეყრდნობა. ამ გადამწყვეტ მომენტში "ოცნება" კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს და სვამს კითხვას - გვინდა კი ასეთი ევროპა? კარგია თუ არა თავისუფალი მიმოსვლა ევროპასთან? და სულ მალე, ახალ კანონზე დაყრდნობით, აგენტს დაუძახებს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. "ოცნება" ევროპულ მომავალს ანაცვლებს ძალაუფლების შენარჩუნების სურვილით და მზად არის, ამისთვის ნებისმიერ ფასი გადაიხადოს. სამწუხაროდ, ამ არჩევანის ფასის გადახდა ჩვენს შვილებს მოუწევთ.
ნაციონალური მოძრაობა" კი, მზად არის, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი გაცვალოს მიშა სააკაშვილის თავისუფლებასა და კომფორტში. ეს ის წითელი ხაზებია, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე გადის და აქ კომპრომისი დაუშვებელია. სწორედ ამიტომ, მივმართავ "ოცნებაში" დარჩენილ ადამიანებს - ამ დანაშაულებრივი პროცესის ინსტრუმენტები ხართ თქვენ. გადამალული ბიძინა ივანიშვილი თავისი დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად, გიყენებთ თქვენ და უნდა იცოდეთ და უნდა გაიაზროთ, რომ ვერც ბიძინა ივანიშვილი გაიპარება უკანა კარებიდან და ვერც თქვენ გაიშვერთ ხელს ბიძინა ივანიშვილის მიმართულებით, რადგან ყველას პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზირებული", - განაცხადა გახარიამ.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, მან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს, საქართველოს EU-ს კანდიდატი სტატუსის მისანიჭებლად, მხარდაჭერის თხოვნით მიმართა.
"საქართველო არასდროს ყოფილა ასე ახლოს ევროპულ ინტეგრაციასთან და ასევე, არასდროს ყოფილა ასე ახლოს ამ შესაძლებლობის დაკარგვასთან. ეს დაკარგვის შესაძლებლობა იქნება დანაშაული ჩვენი შვილების წინაშე. ვისაც გვჯერა, რომ ჩვენი მომავალი ევროპაშია, უნდა ვიმოქმედოთ - ვის როგორ შეგვიძლია, ცალ-ცალკე, ერთად - ამას დღეს უკვე აღარ აქვს არსებითი მნიშვნელობა. მე ჩემის მხრივ, როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ახლა უკვე ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, დღეს მივმართე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურებს თხოვნით - მიუხედავად "ოცნების" ხელისუფლების ქმდებებისა, მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press