Foto

„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა“ პრეზიდენტს შეხვედრის თხოვნით მიმართავს

„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობამ“ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვედრის თხოვნით ოფიციალურად მიმართა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ მოძრაობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

ფოფხაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შესაბამისი მიმართვა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე წარადგინეს და იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა შედგება, "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორთან დაკავშირებით მოძრაობის არგუმენტები კი, მოსმენილი და გაზიარებული იქნება.

"ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობამ" მიიღო გადაწყვეტილება, მიემართა პრეზიდენტსთვის შეხვედრის თხოვნით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ქვეყნის ევროპულ არჩევანს სჭირდება ის, რომ ქვეყანაში არ იყოს პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული უკანონო პატიმარი და იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი ამ შეხვედრაზე უარს არ გვეტყვის. გვაქვს არგუმენტები, რამდენად აზარალებს ნიკა გვარამიას პატიმრობა ქვეყნის საერთაშორისო მდგომარეობასა და მის პერსპექტივას. ამიტომ, გვაქვს იმედი, რომ ამ შეხვედრაზე ჩვენი არგუმენტები იქნება მოსმნილი, შეხვედრა შედგება და არგუმენტები იქნება მოსმენილი და გაზიარებული. დღეს, ჩვენ ვიმყოფებით პრეზიდენტის სასახლეში, ჩავაბარეთ მიმართვა და დაველოდებით პრეზიდენტის პოზიციას", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ცნობისთვის, "ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა" გასულ კვირას დაფუძნდა. მოძრაობა ტელეგადაცემიდან - "რა? სად? როდის?" ინტელექტუალებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლების ნაწილმა დააფუძნა. მათი მთავარი მიზანი გვარამიას საპატიმროდან დროული გათავისუფლებაა.