Foto

CNN - რუსეთმა ბაიდენის კიევში ვიზიტის დროს ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

რუსეთის ფედერაციამ, იმ დროს როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში იმყოფებოდა, კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერთ-ერთი ოფიციალური პირის განცხადებით, რაკეტის გაშვების შესახებ რუსეთმა აშშ-ს წინასწარ, დეკონფლიქტური ხაზებით შეატყობინა. მეორე ოფიციალური პირი განმარტავს, რომ ტესტი არ წარმოადგენს საფრთხეს შეერთებულ შტატებისთვის და რომ აშშ ტესტს ანომალიად ან ესკალაციად არ განიხილავს.

როგორც ოფიციალურმა პირებმა CNN-ს უთხრეს, SARMAT-ის რაკეტის გამოცდა, რომელსაც დასავლეთში სატანა II-საც უწოდებენ, წარუმატებელი აღმოჩნდა. მათი აზრით, ბალისტიკური რაკეტის გაშვება წარმატებული რომ ყოფილიყო, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ფედერაციის საბჭოში სიტყვით გამოსვლისას ამაზე აქცენტს გააკეთებდა, თუმცა მას 1 საათისა და 45 წუთის განმავლობაში აღნიშნულ საკითხზე ერთი სიტყვა არ უთქვამს.