Foto

ენმ-ის დეპუტატები 24 თებერვალს უკრაინაში ჩავლენ

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები 24 თებერვალს უკრაინაში გაემგზავრებიან. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ანი წითლიძემ განაცხადა.

წითლიძის თქმით, ფრაქციის და პარტიის შემადგენლობა უკრაინის რადაში ყველა დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

„უკრაინის რადამ სხვა ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციებთან ერთად, საქართველოს პარლამენტიც მიიწვია 24 თებერვალს ომის წლისთავის აღსანიშნად და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. როგორც ცნობილია „რუსულმა ოცნებამ“ უარი თქვა ამ მოწვევაზე, ამის საპირისპიროდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფრაქციის და პარტიის შემადგენლობა 24 თებერვალს ჩავალთ უკრაინაში, მივიღებთ მონაწილეობას უკრაინის რადაში ყველა დაგეგმილ ღონისძიებაში და კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვეტყვით ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ნება არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, რომ ქართველი ხალხი მხარს უჭერს უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის დაამ ბრძოლაში მასთან ერთად იქნება ბოლომდე",- განაცხადა წითლიძემ.

შეგახსენებთ, რომ 20 თებერვალს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ უკრაინის რადამ, რუსეთ-უკრაინის ომის ერთი წლის თავზე, „ქართული ოცნებას“ საპარლამენტო დელეგაციისთვის ოფიციალური მოწვევა გამოგზავნა, თუმცა მათ ჩასვლაზე უარი განაცხადეს.

ამასთან, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განმარტა, უარის თქმის მიზეზი გახდა ის, რომ უკრაინის მაღალჩინოსნები საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებენ, სააკაშვილს კი პოლიტპატიმარს უწოდებენ.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში უკვე იმყოფებიან პარტია "ლელოს" წევრები.

გარდა ამისა, უკრაინაში ასევე გაემგზავრა პარტია "დროას" თავმჯდომარე ელენე ხოშტარიაც, რომელიც რადაში შეხვედრებს გამართავს.