Foto

ზელენსკა - ეს იყო ომის მთელი წელიწადი, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ისტორია

ეს იყო ომის მთელი წელიწადი, რომელიც მოიპარეს ჩვენი ცხოვრებიდან და რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ისტორია,- ასე ეხმაურება უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთი წლისთავს.

ზელენსკას თქმით, ეს არ იყო ომის წელი, არამედ წინააღმდეგობის, გამძლეობის, დაცვის, ხსნისა და ურთიერთდახმარების წელი.

"ომის დღეც კი უკვე სასიკვდილოა. იმიტომ, რომ რუსეთის თავდასხმის პირველ დღეს ჩვენი ხალხი დაიღუპა.

ომის ერთი კვირაც კი გამოუსწორებლად ბევრია იმიტომ, რომ უკვე პირველ კვირას დამპყრობლის რაკეტებმა და ტყვიებმა უკრაინელი ბავშვები იმსხვერპლეს.

ომის ერთი თვე უკვე უსაზღვროდ მტკივნეულია, რადგან ამ ხნის განმავლობაში აგრესორმა აწამა ხალხი ბუჩასა და მარიუპოლში.

ახლა კი ომის მთელი წელიწადი. წელი, რომელიც მოიპარეს ჩვენი ცხოვრებიდან და მრავალი მოპარული ცხოვრების წელი. ეს ნამდვილად არ არის თარიღი, რომელსაც ისურვებდით, რომ თქვენს კალენდარში ყოფილიყო.

ასე რომ, ჩვენ დღეს რაღაც სხვას ვიხსენებთ.

არა ომის წელი, არამედ წინააღმდეგობის წელი.

გამძლეობის წელი.

დაცვის, ხსნისა და ურთიერთდახმარების წელი.

კაცობრიობის წელი.

უკრაინის წელი, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ისტორია და აგრძელებს მთელი მსოფლიოს შეცვლას.

ჩვენი ურღვევობის წელიწადი",- წერს ზელენკა.

შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვლის დილის საათებში, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. ორი დღით ადრე, 22 თებერვალს მოსკოვმა ცნო მის მიერ მხარდაჭერილი დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და უკრაინაში შეჭრას, აღნიშნული რეგიონების დაცვის საბაბით, „სამხედრო ოპერაცია“ უწოდა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, დაბომბვების სერიამდე 20 წუთით ადრე, სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა და უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადა.

უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ, თავს ესხმიან მშვიდობიან მოქალაქეებს და სტრატეგიულ სამხედრო ობიექტებს, ანადგურებენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.