Foto

ღარიბაშვილი - ყოვლად გაუმართლებელია ის ომი, რომელიც რუსეთმა წამოიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთი წლისთავთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

ქვეყნის მთავარსარდალი თურქეთში, ჰათაის პროვინციაში რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრას განაგრძობს. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ორი ქვეყნის ლიდერის საუბარი უკრაინის ომსაც შეეხო. 

ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიან ომზე საუბრისას არ გამორჩენია იმ სიის ჩამონათვალი, რითაც საქართველოს ომში მყოფ უკრაინას ეხმარება. საქართველოს პრემიერმა ხაზი გაუსვა, ომის დასრულების აუცილებლობას და დასძინა, რომ ყველა ქვეყნის ლიდერის ხედვა უნდა დაეფუძნოს გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევას. 

„ჩვენ ვთანხმდებით რომ ჩვენი ხედვა უნდა დაეფუძნოს გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევას, უკრაინაში, რომელიც იქნება წინაპირობა იმისა, რომ შეიქმნება მყარი საფუძველი მშვიდობიანი განვითარების. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ყველა ქვეყნის ლიდერის, რომ მსოფლიოში იყოს მშვიდობა და ჩვენ არ დავუშვათ ომების გაგრძელება, ეს უნდა იყოს ყველას მთავარი საზრუნავი. ასევე მინდ აღვნიშნო, რომ დღეს, 24 თებერვალს უკვე 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დაიწყო ეს დამანგრეველი ომი უკრაინაში, ყოვლად გაუმართლებელია ის ომი, რომელიც წამოიწყო რუსეთმა. იცით, რომ ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ქართველი ხალხი გვერდში უდგას უკრაინელ ხალხს. ჩვენ ათასობით უკრაინელს ვუმასპინძლეთ საქართველოში. მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ  ჩვენს უკრაინელ დებს და ძმებს. ასევე იცით, რომ ჩვენ ვიყავით თანასპონსორი გაერო-ს რეზოლუციის. ასევე ჩემი დავალებით საგარეო საქმეთა მინისტრი ახლა იმყოფება ნიუ-იორკში, სადაც თავად მიიღო მონაწილეობა გაეროს ასამბლეის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში, რომელიც მიეძღვნა უკრაინის ომს, ომის წლისთავს. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი სოლიდარობა, ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, გვინდა, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს და აღდგეს მშვიდობა. ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ 400-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას მივუერთდით ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ყველა პლატფორმაზე გამოვუცხადეთ მხარდაჭერა ჩვენს უკრაინელ ხალხს. ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი, სწორდ ამ საკითხებზე გვქონდა ჩვენ საუბარი პრეზიდენტ ერდოღანთან,"- განაცხადა პრემიერმა.

ერთი წლის წინ - 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. ორი დღით ადრე, 22 თებერვალს მოსკოვმა მის მიერ მხარდაჭერილი დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა ცნო და უკრაინაში შეჭრას „სამხედრო ოპერაცია“ უწოდა.  

უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ. თავს ესხმიან მშვიდობიან მოქალაქეებს და სტრატეგიულ სამხედრო ობიექტებს, ანადგურებენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.