იმ განცხადებების ფონზე, რომელიც ისმის უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელების მხრიდან, იმ ფონზე ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნის მთავრობა და ხელისუფლება იმოქმედებს ისე, როგორც უნდა იმოქმედოს, როგორც ვმოქმედებთ ჩვენ, - ასე განმარტა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ერთი წლისთავზე, კიევში არ ჩასულიყო.
თურქეთში მყოფი მთავრობის მეთაური მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას, ვიზიტზე უარისა და ომთან დაკავშირებული პოზიციის გამო, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდი საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.
"მე არ მომისმენია პირადად ქალბატონი პრეზიდენტის განცხადება, მაგრამ თქვენი კითხვის შინაარსიდან შემიძლია ერთი რამ გიპასუხოთ, რომ ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად. მე ვახსენე, რომ ჩვენ არაერთ რეზოლუციას შევუერთდით, 400-ზე მეტ რეზოლუციას, განაცხადს. ახლა საგარეო საქმეთა მინისტრი არის სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად ნიუ-იორკში, მან მონაწილეობა მიიღო გაეროს ასამბლეაში, გამოვიდა სიტყვით ჩვენი ქვეყნის სახელით, წარადგინა ჩვენი პოზიცია, კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოხატა სოლიდარობა, მხარდაჭერა და პატივისცემა უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ამაზე მეტი თუ ვინმეს რაიმეს გაკეთების სურვილი აქვს, გნებავთ მოგზაურობა კიევში, ყველა ადამიანი არის თავისუფალი და ჩვენ არავის ვზღუდავთ. მეორეს მხრივ იმ განცხადებების ფონზე, რომელიც ისმის უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელების მხრიდან, იმ ფონზე რა თქმა უნდა ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნის მთავრობა და ხელისუფლება იმოქმედებს ისე, როგორც უნდა იმოქმედოს, როგორც ვმოქმედებთ ჩვენ. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ხალხის ინტერესებს და ამავდროულად რა თქმა უნდა ვიცავთ უკრაინელი ხალხის ინტერესებს და მათ მიმართ სოლიდარობას გამოვხატავთ. ყველა უკრაინელი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იმყოფება, ცხოვრობს დაცულად. ჩვენ მათ მაქსიმალური კომფორტი შევუქმენით, გავუხსენით სკოლები უკრაინულ ენაზე და რაც შეგვიძლია ვაკეთებთ მაქსიმუმს.
საბედნიეროდ, მადლობა ღმერთს, ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც თავიდან აიცილა მეორე ფრონტიც, პროვოკაციები. რომ ყოფილიყო ეს დესტრუქციული ოპოზიცია ხელისუფლებაში, დღეს საქართველოც, მსგავსად უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილისა გადაქცეული იქნებოდა პოლიგონად. ასე რომ ყველანი ვიყოთ მშვიდად, წყნარად. ჩვენს საქმეს მივხედოთ და ჩვენს ქვეყანაზე ვიზრუნოთ",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთი წლისთავის აღსანიშნავად, ათონელის სასახლეში სპეციალური ღონისძიება გამართა. ზურაბიშვილმა ომთან დაკავშირებული პოზიციების გამო "ქართული ოცნების" ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ "მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავი და ცდილობს გაამართლოს, ყველასათვის გაუგებარი, ვითომ ნეიტრალური პოზიცია". პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა წუხილი, რომ ომის წლისთავზე, საქართველოს დელეგაცია უკრაინაში არ გაემგზავრა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press