Foto

ჯოზეფ ბორელი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე - შეშფოთებას იწვევს, შეუთავსებელია EU-ს ნორმებთან

კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან,- ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერი მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტს "უცხოურ გავლენის აგენტებზე".

აღნიშნულ განცხადებას, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

"შემოთავაზებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება და ასევე მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს.  ის ასევე არსებითია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის და არის 12 პრიორიტეტის ნაწილი, კერძოდ #7 პრიორიტეტისა, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით და #10 პრიორიტეტისა, რომელიც  სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ეხება.

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას რეფორმების განხორციელების კუთხით, რაც ეხმაურება ქვეყნის მისწრაფებებს განვითარებასა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაში არის გაცხადებული.

კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან.

მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მიიღონ და განახორციელონ რეფორმები, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს,",- ვკითულობთ განცხადებაში.

ცნობისთვის, "ხალხის ძალის" წარმომადგენლებმა 15 თებერვალს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს დააინიცირებენ. ანტიდასავლურ მოძრაობაში ამბობენ, რომ შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი, რომელმაც განაცხადა, რომ "ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას". 

ამასთან, როგორც გუშინ მმართველი პარტიის დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა "ქართული ოცნება" „უცხოური აგენტების შესახებ“ შესახებ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.