Foto

აშშ-ს საელჩო: მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, აღვუდგეთ რუსულ აგრესიას, მხარი დავუჭიროთ საქართველოს

აშშ-ის საელჩო საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ წლევანდელი 25 თებერვალი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან "რევანშისტული რუსეთი აგრძელებს საკუთარი მეზობლების დამოუკიდებლობის ძირის გამოთხრას".

საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ევროატლანტიკური საზოგადოება ერთად გაერთიანდა და გადაწყვიტა, წინ აღუდგეს რუსულ აგრესიას და მხარი დაუჭიროს საქართველოს სუვერენიტეტს".

"1921 წლის ამ დღეს, საკუთარი თანამემამულეების „დაცვის" მოგონილი მიზეზით, საქართველოში საბჭოთა რუსეთის წითელი არმია შემოიჭრა. მათი განზრახვა დამოუკიდებელი სახელმწიფოს დამხობა იყო. ამ ქმედებით დაირღვა 1920 წლის მოსკოვის ხელშეკრულება, რომლითაც საბჭოთა რუსეთი პირობას დებდა, პატივი ეცა საქართველოს სუვერენიტეტისა და თვითგამორკვევისთვის. ამას მოჰყვა საბჭოთა ოკუპაციის შვიდი ათწლეული, რომლის განმავლობაშიც საქართველომ დაკარგა უამრავი მოქალაქე, ვინც ტირანიის წინააღმდეგ ხმის ამოღება გაბედა. წელს აშშ-ის საელჩო 25 თებერვლის წლისთავში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხედავს, ვინაიდან რევანშისტული რუსეთი აგრძელებს საკუთარი მეზობლების დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას.

ევროატლანტიკური საზოგადოება არის ერთიანი და ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, წინ აღვუდგეთ რუსულ აგრესიას და მხარი დავუჭიროთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.