Foto

სააკაშვილი - ყველა პოლიტიკური ჯგუფი უნდა გაერთიანდეს და პრეზიდენტთან დაუყოვნებლივი კონსულტაციები ჩაატარონ

მხარს ვუჭერ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს და თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ მის მოწოდებას, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის განცხადებით, ზურაბიშვილმა უნდა გამოიყენოს თანამდებობა და მსოფლიოს გააგებინოს, რომ საქართველოს სრული იზოლაციის პირობებში, მისი ოკუპაცია მზადდება.

"მხარს ვუჭერ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს და თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ მის მოწოდებას. 

ჩემი აზრით, ყველა პოლიტიკური ჯგუფი უნდა გაერთიანდეს რუსული გადატრიალების წინააღმდეგ და ასევე, დაუყოვნებლივი კონსულტაციები ჩაატარონ პრეზიდენტთან. სრულიად ნათელია, რომ უკრაინაში მარცხის პარალელურად, მოლდოვაში ჩაფლავების შემდეგ, ახლა მოსკოვი აპირებს უახლოეს ხანში ბოლომდე ღიად აიღოს ხელში ძალაუფლება თბილისში და ამისთვის არსებულ დაშინებულ მარიონეტებს ყველა პირობაზე დაითანხმებს.

სალომემ უნდა გამოიყენოს თავისი თანამდებობა და მთელ მსოფლიოს გააგებინოს, რომ საქართველოს სრული იზოლაციის პირობებში, მზადდება მისი მთლიანად დაპყრობა და ოკუპაცია. 

ახლა წყენების გახსენების დრო საერთოდ არაა და ბრძოლის ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ ამ დიდ ომში. პრეზიდენტი ამბობს იმას, რომ ჭეშმარიტი მშვიდობა არ არსებობს თავისუფლების გარეშე და ჩვენ თავს გვახვევენ ომის შიშით მონობას. ამიტომ, წინააღმდეგობა მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტებიდან დაწყებული თითოეული ნამდვილი ქართველის ვალია. არც ერთი ადამიანი არ გვყავს დასაკარგი ამ ბრძოლაში", - წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.