Foto

ჯეიკ სალივანი - ომი პეკინისთვის რეალურ გართულებებს წარმოადგენს, მას მოუწევს საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება

თუ ჩინეთი რუსეთს სამხედრო დახმარებას გაუწევს, მას რეალური ფასის გადახდა მოუწევს, - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა CNN-თან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ომი პეკინისთვის რეალურ გართულებას წარმოადგენს, მას მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, თუ როგორ განვითარდება მისი მომავალი, დაეხმარება რუსეთს თუ დადგება დასავლეთის მხარეს.

„ჩვენი გადმოსახედიდან, რეალურად, ეს ომი პეკინისთვის რეალურ გართულებებს წარმოადგენს. და პეკინს მოუწევს საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება ეს, გაუწევს თუ არა სამხედრო დახმარებას რუსეთს. მაგრამ, თუ ის ამ გზით წავა, ჩინეთს რეალური ფასის გადახდა მოუწევს. და ვფიქრობ, ჩინეთის ლიდერები ამას აწონიან გადაწყვეტილების მიღებისას“, - განუცხადა სალივანმა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულია, რომ ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური დახმარების გაწევას პოტენციურად განიხილავს.