Foto

გვარამია - ივანიშვილი ყველაფერს შეგნებულად აკეთებს, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცენ

ასეთი უსაფუძვლო იმედი და დაუჯერებლობა იმის, რომ ივანიშვილი შეგნებულად აკეთებს ყველაფერს, რომ სტატუსი ვერ მივიღოთ, უკვე ცოტა არ იყოს გულუბრყვილობიდან არაგონივრულობაში გადადის, - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მისივე თქმით, ივანიშვილს ანტიდასავლური პოპულიზმისთვის დასავლეთის უარი სასიცოცხლოდ სჭირდება და ის ამის მისაღწევად ყველაფერს იზამს, დასავლეთის შანტაჟი კი, სწორედ დასავლეთისგან დაშორების სტრატეგიული მიზანია, ამიტომაც ტაქტიკების ნაცვლად ამ სტრატეგიის მატარებელი და განმსაზღვრელი უნდა მოვიშოროთ.

"კანონს მიიღებენ. ასეთი უსაფუძვლო იმედი და დაუჯერებლობა იმის, რომ ივანიშვილი შეგნებულად აკეთებს ყველაფერს, რომ სტატუსი ვერ მივიღოთ, უკვე ცოტა არ იყოს გულუბრყვილობიდან არაგონივრულობაში გადადის. ის არც საკუთარ ფულზე ვაჭრობს, არც პოლიტპატიმრებით, არც სხვა რამით. მას სჭირდება ის, რასაც დასავლეთისგან ვერ მიიღებ, რასაც დასავლეთთან დაახლოება გამორიცხავს - ხელისუფლების უზურპაცია, სანამ ცოცხალია. ამაზე გარანტიებს მარტო რუსეთი გასცემს. ეს მხოლოდ რუსეთისთვისაა მისაღები.

კარგად რომ მოვისმინოთ მამუკა მდინარაძის დღევანდელი განცხადება: - "ნედ პრაისი არ შეიძლება იტყუებოდეს? ნუ გაქვთ დასავლეთი რწმენის საკითხში აყვანილი". ესაა "ოცნების" ახალი იდეოლოგია - სუვერენისტული პოპულიზმი. ბრიუსელით და ვაშინგტონით გვიცვლიან სსრკ-ს დროინდელ მოსკოვს. დასავლეთს აღარ აქვს უფლება დემოკრატიას გვასწავლიდეს, თვითონ არ იცის დემოკრატია. აგენტოკრატია არის დასავლეთის მმართველობა საქართველოში, თუ არა და აგერ ნახავთ, რამდენი აგენტი ჰყავს საქართველოში - ესაა ამ მოკლე სისულელის რეალური შინაარსი. ეს იქნება მთავარი საარჩევნო ხაზი.

"კანონს ვაგზავნით" ვენეციის კომისიაში და გავითვალისწინებთ მის დასკვნას, თუ, რა თქმა უნდა, თეთრზე შავი არ თქვეს, როგორც ახლახან 500-მა ევროპარლამენტმა". აი, აქ არის ვენეციის კომისიაში კანონის გაგზავნის თავი დამარხული. "ოცნებამ" შეუძლებელია არ იცოდეს ამაზე დასკვნა რა იქნება - ვენეციის კომისიას უკვე აქვს ამგვარ კანონზე მკვეთრად უარყოფითი დასკვნები გაცემული. გაგზავნის მიზეზიც ესაა - მოვა უარყოფითი დასკვნა, რაზეც იტყვიან შავზე თეთრიაო, კანონს მიიღებენ და იტყვიან, აი, ევროპა როგორ იცავს თავის აგენტებს და ვენეციის კომისიაც აღარაა ჩვენთვის სანდოო. აღმავალი ხაზით ეს მივა ვენეციის კომისიის ქოლგა ორგანიზაციამდე - ევროსაბჭომდე. და ბოლოს სტრასბურგის სასამართლომდე, რომელიც ამ კანონზეც და ბევრ სხვა საკითხზე, დარწმუნებული ვარ, მძიმე გადაწყვეტილებებს გამოიტანს. ამისგან თავის დასაზღვევად, "ოცნება" რუსული Playbook-ის შემდეგ ნაბიჯს გადადგამს - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების რევიზიის უფლებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიანიჭებს, იქნება ცვლილებები სასკოლო კურიკულუმებში და სახელმძღვანელოებში, თუ უკვე არ არის. ამასაც უნდა დააკვირდეს ვინმე - ისტორიის გადაწერა სავალდებულოა რუსული Playbook-ის თანახმად.

აქცენტი, რომ ამ კანონის მიღებით მარტო დემოკრატია კი არ დაზარალდება, არამედ სოციალურად დაუცველი, მოწყვლადი ფენები და ასევე ეკონომიკის მთელი რიგი დარგები, ასევე ივანიშვილის არცოდნაა. ამოცანაც ზუსტად ამაშია - ხალხი უნდა გაღარიბდეს (თუ კი დარჩა ვინმე, ვინც ღარიბი არაა) და ესეც დასავლეთს და მათ აგენტებს დაბრალდეს - "დასავლეთი გვჩაგრავს" - ესაა ივანიშვილის მთავარი სლოგანი, ამაზეა აგებული პროპაგანდა, ამაზე აიგება საარჩევნო აგიტაცია. ცხადია, ამ ვითარებაში, კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ - თეორიულად შეუძლებელია კანდიდატის სტატუსი იმან მიიღოს, ვინც ევროპის კავშირის კონვენციის მე-7 მუხლს არღვევს. ასეთებს ევროკავშირიდან რიცხავენ (უნგრეთზე აპირებდნენ პროცედურების დაწყებას), არათუ კანდიდატობას ან წევრობას ანიჭებენ. ეს უარიც კი მთავარი იარაღია ივანიშვილის ანტიდასავლური პოპულიზმისთვის და მას ეს უარი სასიცოცხლოდ სჭირდება. ამის მისაღწევად ის ყველაფერს იზამს და ფუჭია მისი დამუნათება, ფუჭი და არაგონივრული. დასავლეთის შანტაჟი ევროკავშირისგან დაშორებით ტაქტიკური სვლა კი არ არის, დასავლეთისგან დაშორება სტრატეგიული მიზანია. ამიტომაც ტაქტიკებს კი არ უნდა ვებრძოდეთ, სტრატეგიის მატარებელი და განმსაზღვრელი უნდა მოვიშოროთ.

არ ვიცი, გარეთ როგორ შეიგრძნობა ეს ყველაფერი. ციხიდან ასე ჩანს. თუმცა, ციხეში კონტექსტი რთული აღსაქმელია და უნდა მაპატიოთ, თუ მეშლება", - წერს ნიკა გვარამია.