Foto

„საქართველოში მულტიმილიარდერი ბიზნესმენი აკონტროლებს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებას“ - ლორდთა პალატაში სააკაშვილისა და გვარამიას საკითხებზე იმსჯელეს

დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატაში საქართველოსთან დაკავშირებით იმსჯელეს და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გარშემო განვითარებული მოვლენები განიხილეს.

ლორდთა პალატის წევრების განცხადებით, ექსპრეზიდენტთან დაკავშირებული ვითარება "მოვლენების უფრო ფართო განვითარების ნაწილია", საქართველო კი, მიტაცებულია მულტიმილიარდერი ბიზნესმენის მიერ, რომელიც ქვეყნის როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ცხოვრებას აკონტროლებს.

"მიხეილ სააკაშვილის გარშემო შექმნილი ვითარება ნაწილია მოვლენების უფრო ფართო განვითარების საქართველოში, რომელიც სინამდვილეში მიტაცებულია მულტიმილიარდერი ბიზნესმენის მიერ. ის აკონტროლებს საქართველოში ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებას ისევე, როგორც მედიასაშუალებებს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ქვეყანა რუსეთის გავლენის ქვეშ. ამიტომ, ეს არ არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის საკითხი, არამედ ეხება საქართველოს როგორც ევროპული მისწრაფებების მქონე ქვეყანას", - განაცხადა ლორდთა პალატის წევრმა, რიჩარდ ჰარისმა.

სხდომაზე ასევე ისაუბრა ლორდთა პალატის კიდევ ერთმა წევრმა, ზაკ გოლდსმიტმა, რომელმაც აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა იზიარებს მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობა ევროკავშირთან საქართველოს დაახლოებაზე "აბსოლუტურ და საზიანო ეფექტს" მოახდენს. გოლდსმიტმა ასევე აღნიშნა, რომ ლონდონი აკვირდება ნიკა გვარამიას დაკავებასა და პატიმრობას, რომელიც ქვეყანაში თავისუფალი მედიის შეზღუდვის შესახებ შეშფოთებას "კიდევ უფრო აძლიერებს".

"ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით მოვლენებს. ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს საკითხი წამოჭრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან 26 იანვარს, სტრატეგიული მოლაპარაკებების დროს და ხაზი გაუსვა ჩვენს შეშფოთებებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ჩვენ არაერთხელ გავუსვით ხაზი საქართველოს მთავრობის მიერ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობის მნიშვნელობას, როგორც საქართველოს შიდაპოლიტიკურ კლიმატს, ასევე მისი საერთაშორისო რეპუტაციისა და უფრო ფართო ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით. ყურადღებით ვაკვირდებით ნიკა გვარამიას დაკავებისა და პატიმრობის საქმეს. ჩვენ ვიცით, რომ ეს საქმე საქართველოში მედიის თავისუფლების ფართო აღქმის შესახებ შეშფოთებას კიდევ უფრო აძლიერებს. ლონდონი ყურადღებით დააკვირდება მიმდინარე პროცესებს... დიდი ბრიტანეთის მთავრობა აბსოლუტურად იზიარებს მოსაზრებას, რომ სააკაშვილის მიმართ მოპყრობა აბსოლუტურ და საზიანო ეფექტს მოახდენს ევროკავშირთან საქართველოს დაახლოებაზე და ამის შესახებ საქართველოს მთავრობას განვუცხადეთ. ცნობები და ბრალდებები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის შესახებ ვრცელდება, ნამდვილად განიხილება საქართველოს უფრო ფართო ამბიციების კონტექსტში... ჩვენ გვესმის, რომ ბიძინა ივანიშვილი სამოქალაქო პირია. ფორმალურად და კანონის მიხედვით, მას არ აქვს როლი საქართველოს მთავრობაში. გვსმენია ცნობები მისი რუსეთთან კავშირების შესახებ. ეს საკითხი წამოვაყენეთ საქართველოს მთავრობასთან და მათ დაგვარწმუნეს, რომ მომართული არიან საერთაშორისო საზოგადოების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დაცვისკენ. ჩვენ ვიქნებით ფხიზლად ქართველ პარტნიორებთან დაკავშირებით", - თქვა ზაკ გოლდსმიტმა.

სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ლორდთა პალატის წევრმა, ჟიზელა სტუარტმა ხაზი ოლიგარქების, მათი გავლენებისა და სანქციების საკითხს გაუსვა.

"დავუბრუნდეთ ოლიგარქებისა და მათი გავლენის საკითხს. იქნებ, შესაძლებელია მეტი სანქციების დაწესება. ჩვენ არ უნდა უგულებელვყოთ ევროპის საბჭოს მნიშვნელობა, რომელიც ევროკავშირისგან განსხვავებით, გაცილებით მეტ ქვეყანას აერთიანებს. არ უნდა დაგვავიწყდეს მათი გავლენა, პოტენციალი, რაც შეიძლება დაგვეხმაროს საქართველოს დემოკრატიის აღდგენის საკითხში", - განაცხადა ბარონესა სტუარტმა.