Foto

იუსტიციის სამინისტროსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

თბილისში, იუსტიციის სამინისტროსთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე,  სახელწოდებით "გადაარჩინეთ ქვეყნის ევროპული მომავალი", შეკრებილი ენმ-ის წევრები, აქტივისტები და მხარდამჭერები ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ.

"გუშინ, საქართველოს ისტორიაში დაფიქსირდა უპრეცედენტო ფაქტი, კერძოდ ევროკავშირის ელჩმა, ჰერჩინსკიმ 27 ქვეყნის საპროტესტო ნოტა გადასცა რატი ბრეგაძეს. ნოტაში საუბარი იყო მიხეილ სააკაშვილის უმძიმეს მდგომარეობასა და გამოსავლებზე. რაც არ უნდა უარყოს ბრეგაძემ, რომ თითქოს სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე არ იყო საუბარი, ფაქტია, რომ "ვივამედში" ადამიანის მდგომარეობა უარესდება და მესამე პრეზიდენტი ყოველდღიურად უმძიმეს მდგომარეობაშია. ამიტომ, მთელი საერთაშორისო საზოგადოება გვეუბნება - გადაარჩინეთ ეს ადამიანი იმისთვის, რომ საქართველომ გააგრძელოს ევროინტეგრაციის გზა. დღეს აქ მოვედით იმისთვის, რომ გუშინდელი ფაქტის შემდეგ რატი ბრეგაძეს ვუთხრათ - მთელი საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლიდან და ჩვენი პოზიციიდან გამომდინარე, მას მოუწევს როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი პასუხისგება, თუ ის არ გადაარჩენს პუტინის პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტს", - უთხრა "მთავარ არხს" აქციაზე მყოფმა ენმ-ის წევრმა, გიორგი მუმლაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, 27 თებერვალს საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი შვედეთის ელჩთან ერთად, იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს შეხვდა. როგორც ჰერჩინსკიმ განაცხადა, მინისტრს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით EU-ს 27 წევრი ქვეყნის საპროტესტო ნოტა გადასცეს. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, ბრეგაძემ თქვა, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე საუბარი არ ყოფილა.

რაც შეეხება აქციების ქრონოლოგიას, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით უკვე გაიმართა, ასეთია: მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები 21 თებერვალს თბილისის მერიასთან, 20 თებერვალს სახელმწიფო კანცელარიასთან, 13 თებერვალს "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან, 11 თებერვალს შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, 10 თებერვალს, ქობულეთში, მარტვილში, სამტრედიაში, საგარეჯოსა და ასპინძაში, 9 თებერვალს კი,  ხელვაჩაურში, ბორჯომში, სიღნაღსა და ზესტაფონში შეიკრიბნენ.

უფრო ადრე, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" აქციები დედაქალაქში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან, მთავრობის ადმინისტრაციასა და იუსტიციის სამინისტროსთან გამართა. 

ენმ-მა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დააანონსა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ 6 თებერვალს მიიღო.