Foto

კვირიკაშვილი „უცხოური აგენტების“კანონპროექტზე - იმედია „ქართული ოცნება“ არ გადადგამს ნაბიჯს, რომელმაც შესაძლოა დაგვაშოროს მიზანს

მისმა მიღებამ, მით უფრო დაჩქარებული წესით, შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს 2023 წელს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების ამოცანას, - ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი “უცხოურ აგენტებთან” დაკავშირებულ კანონს.

მისივე თქმით, ის იმედს იტოვებს, რომ ქართული ოცნება არ გადადგამს ნაბიჯს, რომელმაც შესაძლოა ქვეყანა დააშოროს იმ მიზანს, რომლის დაჩქარებულად მიღწევის შესაძლებლობაც ბოლო პერიოდში გამოჩნდა.

“არსებულ საერთაშორისო თუ შიდა პოლიტიკურ კონტექსტში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის წამოწევამ და საჯარო განხილვამ სამწუხაროდ უკვე მნიშვნელოვნად დააზიანა საქართველოს დემოკრატიული იმიჯი. როდესაც საქართველოს ყველა მეგობრის აღქმა ერთნაირად უარყოფითია ამ კანონპროექტის მიზნებისა და დროში მიზანშეწონილობის თაობაზე, ვფიქრობ, მისმა მიღებამ, მით უფრო დაჩქარებული წესით, შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს 2023 წელს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების ამოცანას.

როგორც ადამიანი, ვისაც უმუშავია დღევანდელი ხელისუფლების არაერთ წარმომადგენელთან ერთად საქართველოს დასავლეთთან დაახლოებისათვის, რომელსაც არასდროს ჰქონია ჩასაფრებული პოზიცია და ხელისუფლების წარმატებისა თუ წარუმატებლობისადმი არასდროს ყოფილა გულგრილი, იმედს ვიტოვებ, რომ ქართული ოცნება არ გადადგამს ნაბიჯს, რომელმაც შესაძლოა დაგვაშოროს მიზანს, რომლის დაჩქარებულად მიღწევის შესაძლებლობაც ბოლო პერიოდში გამოჩნდა”, - წერს კვირიკაშვილი.

ცნობისთვის, ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც.

კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია". 

მეორეს მხრივ, მმართველი პოლიტიკური გუნდი აცხადებს, რომ ანტიდასავლური მოძრაობის მიერ ინიცირებულ ორივე კანონპროექტს მხარს დაუჭერს და პირველი მოსმენით იქნება მიღებული. შემდეგ კი, დოკუმენტები ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.