Foto

დედა სიდონია „უცხოური აგენტების“კანონპროექტზე - პატრიარქო თუ თქვენი არჩევანი არ არის რუსეთი, გეყოთ გამბედაობა და მიმართეთ ერს

პატრიარქო თუ თქვენი არჩევანი შეგნებულად არ არის რუსეთი, რომელმაც უთვალავჯერ უღალატა ჩვენს სამშობლოს... განა არ გიღირთ სიცოცხლის ბოლო წლები იმ თავგანწირვად, რომ სამშობლოსთვის და დამოუკიდებლობისთვის, თქვენ გეყოთ გამბედაობა და მიმართოთ ერს, რომ ეს არის ძალიან საშიში კანონი, მხოლოდ თქვენ დაგიჯერებნ პატრიარქო მხოლოდ თქვენ და არავის სხვას, - ასე გამოეხმაურა დედა სიდონია "უცხოური აგენტების" შესახებ კანონმდებლობას.

დედა სიდონიას თქმით, მოცემული კანონმდებლობა სამშობლოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას დააკარგვინებს, აქედან გამომდინარე ყველა ეპისკოპოსს და მღვდელს მოუწოდებს, რომ არ შეიკეტნონ საკუთარ კეთილდღეობაში და იბრძოლონ ქვეყნისთვის, არა მხოლოდ ლოცვით არამედ საქმით.

"ალბათ მოგეხსენებათ, რომ აპირებენ დააკანონონ "უცხოეთის აგენტის" კანონი, ეს სამშობლოს დააკარგვინებს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, ვინც ვერ ერკვევა კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ის ადამიანები უნდათ, რომ იწოდებოდნენ უცხოეთის აგენტებად, რომლებმაც ჩვენი სამშობლოს ამ ქვეყნის მეცნიერება, ხელოვნება და ეკონომიკა, როგორღაც ჩიხიდან გამოიყვანეს უცხოეთიდან დაფინანსებული წარმოებით და უამრავმა ადამიანმა ქართველმა ნახა ამით განვითარება და ბედს ეწია.

ჩემთვის ისიც გაუგებარია თუ რატომ ითვლება დასავლეთის დაფინანსება უცხოეთის აგენტებად და განიხილება თუ არა რუსეთიდან შემოსული დაფინანსება ამ კანონში და ეს უკვე ნათელი და ცხადია.

პატრიარქო თუ თქვენი არჩევანი შეგნებულად არ არის რუსეთი, რომელმაც უთვალავჯერ უღალატა ჩვენს სამშობლოს... განა არ გიღირთ სიცოცხლის ბოლო წლები იმ თავგანწირვად, რომელიც მე ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში გავწიე, რომ სამშობლოსთვის, ჩვენი ერისთვის, ქართველი ხალხის განვითარებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის თქვენ გეყოთ გამბედაობა და მიმართოთ ერს, რომ ეს არის ძალიან საშიში კანონი, მხოლოდ თქვენ დაგიჯერებნ პატრიარქო მხოლოდ თქვენ და არავის სხვას.

ხალხი ძალიან დაბნეული და შეშინებულია, რა უნდა გავაკეთოთ? როგორ გესახებათ საქართველოს მომავალი ? არ მინდა დავიჯერო, რომ საქართველოს რუსეთთან ერთად ხედავთ.

პატრიარქო თუ არ არის თქვენი მიზანმიმართული არჩევანი რუსეთი, გთხოვთ ეპისკოპოსებო ნუ შეიკეტებით საკუთარ კეთილდღეობაში, თქვენ ხალხმა იმიტომ გამოგირჩიათ და მოგენდნენ, რომ სამშობლო და მათი მომავალი უნდა დაიცვათ, მარტო ლოცვა არ არის საკმარისი.. რისთვის ვლოცულობთ? რუსეთი გვინდა თუ საქართველოს დამოუკიდებლობა?!", - განაცხადა დედა სიდონიამ.

ცნობისთვის, ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც.

კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია". 

მეორეს მხრივ, მმართველი პოლიტიკური გუნდი აცხადებს, რომ ანტიდასავლური მოძრაობის მიერ ინიცირებულ ორივე კანონპროექტს მხარს დაუჭერს და პირველი მოსმენით იქნება მიღებული. შემდეგ კი, დოკუმენტები ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.