Foto

შამბა - საქართველოს ხელისუფლება აქტიურად ეწინააღმდეგება უკრაინული ხელისუფლების მცდელობებს, რომ მეორე ფრონტი გაიხსნას

საქართველოს ხელისუფლება ნეიტრალურ პოზიციას იკავებს რუსეთის მიმართ და აქტიურად ეწინააღმდეგება უკრაინული ხელისუფლების მცდელობებს, რომ აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში" გაიხსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ, - ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ განაცხადა.

როგორც შამბამ სოხუმში, კონფერენციაზე, სახელწოდებით "სპეციალური სამხედრო ოპერაცია, როგორც მსოფლიო და რეგიონული პოლიტიკის ფაქტორი" სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის მიღმა არა "რუსეთის სიყვარული" ან "აფხაზეთთან ურთიერთობის დალაგების სურვილი", არამედ პრაგმატული ნაბიჯები დგას.

"ჩვენ ახლა ძალიან ვართ დამოკიდებულები საქართველოს შიდაპოლიტიკურ კონიუნქტურაზე. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ნეიტრალურ პოზიციას იკავებს რუსეთის მიმართ. უფრო მეტიც, ის აქტიურად ეწინააღმდეგება უკრაინული ხელისუფლების მცდელობებს, რომ აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში" გაიხსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ.

გვესმის, რომ ჩვენი ენგურსმიღმა მეზობლის ასეთი პოლიტიკის უკან დგას არა რუსეთის მიმართ სიყვარული ან ჩვენთან ურთიერთობების დალაგების სურვილი, არამედ ეს არის პრაგმატული ნაბიჯები", - ამბობს შამბა და დასძენს, რომ ამის მიუხედავად, არ არსებობს გარანტია, რომ საქართველოს მთავრობა "ანტირუსი რადიკალებით არ შეიცვლება" ან "მეორე ფრონტს იძულების შედეგად არ გახსნის".

ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანს მიაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის ჯარის რეფორმირების კონცეფციასა და სამობილიზაციო შესაძლებლობებზე უნდა კონცენტრირდნენ.

"ვინ გვაძლევს გარანტიას, რომ ზეწოლის შედეგად საქართველოს მთავრობა არ შეიცვლება ანტირუსი რადიკალებით ან თავად არ გახდება იძულებული, რომ გახსნას მეორე ფრონტი.

აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ აფხაზეთში რამდენიმე საკითხზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება. პირველი - ჩვენ უნდა შევამოწმოთ ჩვენი ჯარის სამობილიზაციო შესაძლებლობები და შესაბამისი დავალება პრეზიდენტის მიერ უკვე გაცემულია. მეორე - უნდა მომზადდეს ჩვენი ჯარის რეფორმირების კონცეფცია და მესამე - უნდა გავაგრძელოთ ახალი რუსული რეგიონების მხარდაჭერა", - განაცხადა შამბამ.