Foto

გახარია „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე - მთავრობა ამას აკეთებს სპეციალურად, რომ პროცესი ააფეთქოს

როდესაც საქართველოს მთავრობამ დაინახა, რომ გეოპოლიტიკური მიზეზებით საქართველო დიდი ალბათობით მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ახლა ამას აკეთებენ სპეციალურად, რომ ეს პროცესი ააფეთქონ, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ „უცხოური აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც გახარიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მმართველი პოლიტიკური გუნდი ოკუპანტსა და სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებიც ქვეყანას სხვადასხვა ტიპის დახმარებას უწევენ, ერთ სიბრტყეში აყენებს.

"ამ კანონპროექტზე ყველა საუბრობს. ამ კანონპროექტის მთავარი პრობლემა რაშია, იცით? როდესაც საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ დაინახა და მიხვდა, რომ გეოპოლიტიკური მიზეზებით საქართველო დიდი ალბათობით მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ახლა ამას აკეთებენ სპეციალურად, რომ ეს პროცესი ააფეთქონ. მე არ ვიცი, ამას რა უნდა დავარქვათ. ამას სხვა ახსნა არ აქვს. წარმოგიდგენიათ, რა ხდება, როდესაც ერთი და იგივე სიბრტყეში აყენებენ ოკუპანტ ქვეყანასა და სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებიც წლების განმავლობაში, გარდა იმისა რომ საქართველოს ეხმარებიან, აღიარებენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და და გვეხმარებიან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. ქართველი ხალხის 80% ხმას აძლევს ქვეყნის ევროპულ მომავალს და ვიღაცა, არ მინდა სახელები დავასახელო, ამ არჩევანს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც.

კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია". 

მეორეს მხრივ, მმართველი პოლიტიკური გუნდი აცხადებს, რომ ანტიდასავლური მოძრაობის მიერ ინიცირებულ ორივე კანონპროექტს მხარს დაუჭერს და პირველი მოსმენით იქნება მიღებული. შემდეგ კი, დოკუმენტები ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.