Foto

ალასანია სააკაშვილზე - საერთოდ არ ფიქრობს სტრასბურგზე

საერთოდ არ გვიფიქრია სტრასბურგზე, გეგმებზე არ გვილაპარაკია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

როგორც ალასანიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო.

"საერთოდ არ გვიფიქრია სტრასბურგზე, საერთოდ არ ფიქრობს. ფიქრობს, რომ მსოფლიომ და პირველ რიგში, ქართველებმა არ დაუშვან ასეთი ადამიანის სიკვდილი. გეგმებზე არ გვილაპარაკია. მოსალოდნელი იყო, რაც მოხდა. არავითარი ილუზია არ მაქვს არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუტთან დაკავშირებით... ცუდად არის, მომაკვდავ მდგომარეობაშია. მეტყველება აღდგენილი აქვს ასე თუ ისე, მაგრამ რა დროს წაერთმევა, არ ვიცი. საკვებს რაც შეეხება, ყველაფერი უკან მომაქვს ხოლმე", - განაცხადა ალასანიამ.

შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მეორე ინსტანციამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ინტერესების დამცველების სააპელაციო საჩივარი და 2 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 თებერვლის განჩინება ძალაში დატოვა. სააპელაციომ განმარტა, რომ საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.