Foto

„უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის პლენარულ სესიაზე გატანის დროს პარლამენტის ბიურო ხვალ გადაწყვეტს

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელზეც უნდა გადაწყდეს, როდის გაიტანს უმრავლესობა "უცხოური აგენტების შესახებ" "ხალხის ძალის" კანონპროექტს, დღეს აღარ გაიმართება.

როგორც სამნიძე სოციალურ ქსელში წერს, სხდომა ხვალ, 7 მარტს 10:00 საათზე ჩაინიშნა.

"ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ეს ბრძოლა  არის ხანგრძლივი! ბიუროს სხდომა - სადაც ეს რუსული კანონი როდის გავიდოდა პლენარულ სხდომაზე, ის უნდა ეთქვათ - გადაიდო! ხვალისთვის! დილა 10 საათზე.

ხვალაც ვაგრძელებთ! იგივე შემართებით! უფრო დიდი ენერგიით და იმედით! და ერთად - რაც მთავარია",- წერს სამნიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ ბიუროს სხდომის გადადების შემდეგ, ოპოზიციონერმა ლიდერებმა, არამათავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ხვალ, 7 მარტს 10:00 საათზე საპროტესტო აქცია დააანონსეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე “ქართული ოცნების" და ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრები, „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ. ადგილზე მმართველ პარტიასა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის სიტუაცია არა ერთხელ დაიძაბა და სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოში დაშვების შეზღუდული რეჟიმი აამოქმედეს და ჟურნალისტები არ შეუშვეს. 

პარლამენტის შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი და საპროტესტო აქციას მართავენ. ​ადგილზე ასევე იმყოფებიან რიგითი მოქალაქეები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც თვლიან, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა საქართველოს მომავლისთვის საზიანო იქნება.