ბ-ნო გურამ, დავუშვათ გაირკვეს, რომ ამ კანონმა ხელი შეუშალა ჩვენს ევროინტეგრაციას - თქვენი აზრით, ვინ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი პირი კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაზე? - ასე მიმართა "გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ "ხალხის ძალის" წარმომადგენელს, გურამ მაჭარაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტი განხილვა მიმდინარეობს.
ხვიჩია სიტყვით გამოსვლისას დაინტერესდა, "რა არის მიჯნა", რომლის შემდეგაც ანტიდასავლური მოძრაობა შეცდომას აღიარებს.
"ბ-ნო გურამ, მე ასეთი შეკითხვა მაქვს - დავუშვათ, საბოლოო ჯამში, გაირკვეს, რომ ამ კანონმა ხელი შეუშალა ჩვენს ევროინტეგრაციას და გაირკვა, რომ ეს ნაბიჯი არ იყო მიმართული ევროინტეგრაციისკენ, თქვენი აზრით, ვინ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი პირი კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაზე? და რა არის ის მიჯნა, როდესაც თქვენ იტყვით, რომ რაღაც არასწორად გავაკეთეთ. შეიძლება არ გვინდოდა კონსტიტუციის დარღვევა, არ გვინდოდა ევროინტერგრაციისთვის ხელის შეშლა, მაგრამ ასე გამოვიდა. თქვენთვის რა იქნება ამის მანიშნებელი, როცა თქვენ იტყვით, რომ კონსტიტუციის 78-ე მუხლი დაიღვა და ის, რაც თქვენ გინდოდათ, არ გამოვიდა", - მიმართა ხვიჩიამ მაჭარაშვილს.
ცნობისთვის, პარლამენტმა "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტის განხილვა ხუთშაბათის ნაცვლად, დღეს დაიწყო. კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, გუშინ, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს.
ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.
აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. მეორეს მხრივ, მმართველი პოლიტიკური გუნდი ანტიდასავლური მოძრაობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აანონსებდა.
კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია".
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press