პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის" შესახებ კანონპროექტები ვენეციის კომისიაში გადააგზავნა.
როგორც პაპუაშვილი, ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორს წერილში წერს, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველო მოწადინებულია, იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ საუკეთესო ბალანსი, ერთი მხრივ, გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების ლეგიტიმურ მიზნებსა და, მეორე მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების უფლებებსა და თავისუფლებებს შორის.
„საქართველო რეგიონული უსაფრთხოების ცვალებად კომპლექსურ გარემოში მდებარეობს. ასეთ პირობებში ჩნდება ხოლმე ისეთი ახალი და მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც აუცილებელია სახელმწიფო უწყებების მხრიდან რეაგირება. აღნიშნული საკითხების ეფექტურად მოგვარებისთვის საჭიროა როგორც ყველა დაინტერესებული მხარის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უფრო მაღალი სტანდარტები, ისე უსაფრთხოების გამოწვევების უფრო სერიოზულად გააზრება.
ამ კუთხით, საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა, მიიღოს ახალი რეგულაციები არაკომერციული/არასამეწარმეო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საქართველოში ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას. პარლამენტში წარდგენილ იქნა ორი კანონპროექტი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის" შესახებ. კანონპროექტები მიზნად ისახავს არაკომერციული/არასამეწარმეო ორგანიზაციების მინიმალურად აუცილებელი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, მათ შორის, უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებით.
ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს პროგრესთან ერთად, ჩვენ მოწადინებულები ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ საუკეთესო ბალანსი, ერთი მხრივ, გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების ლეგიტიმურ მიზნებსა და, მეორე მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების უფლებებსა და თავისუფლებებს შორის.
ჩვენი ათეულობით წლის განმავლობაში მიმდინარე პარტნიორობის სულისკვეთებით, მოგმართავთ თხოვნით, რომ ვენეციის კომისიამ მოამზადოს სამართლებრივი დასკვნა თანდართულ კანონპროექტებზე.
ქალბატონო პრეზიდენტო, მოუთმენლად ველით აღნიშნულ საკითხზე თქვენთან თანამშრომლობას.
თქვენო აღმატებულებავ, გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას“,- ვკითხულობთ წერილში.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით გუშინ, 7 მარტს მიიღეს. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი, 13 წავიდა.
ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.
აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც.
კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია".
კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. ორივე საკომიტეტო მოსმენა აქციების ფონზე მიმდინარეობდა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press