დაუყოვნებლივ გაიხმოს "ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონი პარლამენტიდან და ყველა დაკავებული, რომელიც უკანონოდ დააპატიმრეს გუშინ, დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
როგორც ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ხელისუფლებას აღნიშნული ორი მოთხოვნის შესასრულებლად 1 საათი აქვს.
"ჩვენი მოთხოვნა შედგება ორი საკითხისგან: პირველი - დაუყოვნებლივ გაიხმოს "ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონი პარლამენტიდან; მეორე - ყველა დაკავებული, რომელიც უკანონოდ დააპატიმრეს გუშინ, დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული.
ჩვენ ზუსტად ერთი საათი ველოდებით ამ რუსეთის ინტერესების გამტარებლებს, რომ გააკეთონ განცხადება, რომ გაიხმეს კანონი პარლამენტიდან და გაათავისუფლეს გუშინ დაკავებული ადამიანები. სხვა შემთხვევაში, ჩვენ გადავალთ შემდგომ ნაბიჯებზე. თუ არ მივიღებთ პასუხს ერთ საათში, გამოვაცხადებთ ჩვენს კონკრეტულ სამოქმედო გეგმას", - განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტთან ამ წუთებში "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგოდ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით გუშინ, 7 მარტს მიიღეს. საკანონმდებლო ორგანოს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად, რუსთაველის გამზირზე გუშინვე მოქალაქეები შეიკრიბნენ და კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია გამართეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი რამდენჯერმე გამოიყენა და აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.
ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.
აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც.
კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია".
კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. ორივე საკომიტეტო მოსმენა აქციების ფონზე მიმდინარეობდა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press