Foto

ოპოზიციის გადაწყვეტილებით, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია გაიმართება

ოპოზიცია "უცხოური აგენტების" კანონპროექტის გაწვევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას ეხმურება და საქართველოს პარლამენტთან დღეს, 19:00 საათზე მორიგ აქციას ააანონსებს.

როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრმა, ცოტნე კობერიძემ განაცხადა, უმრავლესობამ უნდა განმარტოს, როგორ აპირებენ კანონპროექტის გაწვევას და ამასთან ერთად, შეასრულოს მოთხოვნა აქციებზე დაკავებუილების გათავისუფლების შესახებ.

"დღეს ვუყურეთ ფაქტს, რომ "ქართული ოცნება" გახდა იძულებული, ორი მოთხოვნიდან ერთი შეესრულებინა. .. დღეს აუცილებლად იქნება აქცია იმიტომ, რომ უამრავი ახალგაზრდაა, რომელსაც არ გვაქვს ნდობა "ქართულ ოცნებასთან". ჩვენ ვთვლით, რომ მხოლოდ ჩვენ ვართ გარანტი იმისა, რომ ქვეყანა გახდეს დასავლეთის ნაწილი. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც მოვითხოვთ ორივე პუნქტის შესრულებას - ერთის მხრივ, გვჭირდება მკაფიოობა - როგორ აპირებენ კანონპროექტის გაწვევას იმიტომ, რომ მათი განცხადებები არის ბუნდოვანი, მათ აქვთ სახელი გატეხილი. მეორეს მხრივ, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს გვერდზე იდგნენ, იბრძოდნენ ჩვენთან ერთად, ეს ხალხი არიან დაჭერილი - სანამ ეს ადამიანები არ იქნებიან გარეთ გამოსულები, არ იქნებიან თავისუფლები, "ქართულ ოცნებას" არ ეგონოს, რომ საქმე აქვს მარტივად. დღეს იქნება აქცია, რომელიც იქნება საშუალება, ვიამაყოთ ერთმანეთით, ჩვენი გაკეთებულით, ვიამაყოთ იმით, რომ პრორუსულ ძალას ვაიძულეთ, გადაედგათ ეს ნაბიჯი და გარდა ამისა, გარანტია მოვიპოვოთ, რომ თავისუფლები იქნებიან ჩვენი მეგობრები და კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ მთელი ამ პროცესის განმავლობაში, სანამ არ დადგება საქართველო პროდასავლურ კურსზე გარანტირებულად, არ შეწყდება პროცესები და ეს პროცესები რანაირი და როგორ იქნება, ამას ეტაპობრივად გავიგებთ, მათ შორის ჩვენც გვჭირდება ახლა მეტი კომუნიკაცია", - თქვა კობერიძემ. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, ვიდრე დაკავებულების გათავისუფლება არ მოხდება, პროტესტი არ შეწყდება.

"დღეს, 19:00 საათზე ყველანი რუსთაველზე. ჩვენ არ ვენდობით "ქართულ ოცნებას" სიტყვებზე. ამიტომ, უნდა იყოს გაკეთებული საქმე და არა დაპირება და სიტყვა. ასე რომ, ჩვენი პროტესტი არ შეწყვეტილა. ამას ჩვენ შემდგარ გამარჯვებად ვერ შევაფასებთ, მით უმეტეს, როდესაც არათუ დაკავებულები არიან ჩვენი მეგობრები, ზოგიერთის ადგილსამყოფელი დღემდე არ ვიცით. ყველა მათგანი უნდა იყოს დაუყოვნებლივ გაჟღერებული", - განაცხადა ფავლენიშვილმა.

"დროას" წევრის, გიგა ლემონჯავას თქმით, პარლამენტის რეგლამენტი პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის უკან გახმობის სამართლებრივ პროცედურას არ იცნობს, ამიტომ, აუცილებელია, მმართველმა პოლიტიკურმა გუნდა კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან გამოიხმოს და მეორე მოსმენაზე ჩააგდოს. 

"საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი არ იცნობს პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის უკან გახმობის სამართლებრივ პროცედურას. ერთადერთი გზა, რომ ჩვენ დავიჯეროთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა ამ კანონზე, არის შემდეგი - გამოიხმონ ვენეციის კომისიაში გაგზავნილი ორივე ვერსია ამ რუსული კანონის, დააყენონ კენჭისყრაზე ორივე კანონპროექტი და ჩააგდონ", - ამბობს ლემოჯავა.

შეგახსენებთ, დღეს, 9 მარტს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტი გაიწვიოს. უმრავლესობამ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზად კანონპროექტის უარყოფითად წარმოჩენის ხარჯზე საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შეყვანა და "კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში" ახალგაზრდების ნაწილის ჩათრევა დაასახელა.

პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღეს. მანამდე კი, კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. 

ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც.

კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია".