მოდი, დავიწყოთ მადლობით! მადლობა ახალგაზრდებს! - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია "უცხოური აგენტების" კანონპროექტის გაწვევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას.
როგორც გახარია სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებამ და შემდეგ უკან გაწვევამ ყველას დაანახა, რომ ქვეყანა "ერთი ადამიანის შიშებით და აღქმებით" იმართება.
"მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის! მადლობა ყველა ჩვენს უცხოელ მეგობარს, ევროკავშირს, აშშ-ს ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის ურყევი მხარდაჭერისთვის! ეს არ არის საბოლოო გამარჯვება. ეს გამარჯვების დასაწყისია. საქართველოს ადგილი ევროპაშია!
ამ კანონის ინიცირებამ, მისმა დაცვამ და უკან წაღებამ ყველას დაანახა, რომ დღეს ქვეყანა იმართება ერთი ადამიანის შიშებით და აღქმებით.
დადგა დრო, რომ ყველამ, პირველ რიგში კი საჯარო სექტორმა, გააკეთოს არჩევანი - ემსახურებით ერთ ადამიანს, თუ ემსახურებით ქვეყანას! საქართველო ევროპაა - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება აუცილებელია - ძალა კი უკვე მხოლოდ ერთობაშია!" - წერს გაახარია "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.
შეგახსენებთ, დღეს, 9 მარტს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტი გაიწვიოს. უმრავლესობამ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზად კანონპროექტის უარყოფითად წარმოჩენის ხარჯზე საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შეყვანა და "კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში" ახალგაზრდების ნაწილის ჩათრევა დაასახელა.
პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღეს, 8 მარტს კი, პარლამენტის თავმჯდომარემ ის ვენეციის კომისიაში გადააგზავნა. კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს.
ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.
აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც.
კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია".
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press