Foto

ოქრიაშვილი - ეს არ არის საბოლოო გამარჯვება, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია გამარჯვებისკენ!

ეს არ არის საბოლოო გამარჯვება, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია გამარჯვებისკენ, - ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი "უცხოური აგენტების" კანონპროექტის გაწვევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას. 

როგორც ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მთავარ მოთხოვნად აქციის დროს დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლება რჩება.

"არალეგიტიმური, უკანონო „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სრულად დაიმორჩილოს და დაამონოს ქართველი ხალხი, ჩაახშოს ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისკენ და ჩვენი სურვილი, ვიცხოვროთ თავისუფალ, დაცულ, სამართლიან საზოგადოებაში. მათი ერთადერთი მიზანია, შეინარჩუნონ ხელისუფლება და მომავალშიც გააგრძელონ ამ ქვეყნის ყვლეფა, ჩვენი ხალხის ხარჯზე. 

დღეს მათ ქართველმა ხალხმა, განსაკუთრებით ახალგაზრდობამ, აიძულა გადაედგათ ნაბიჯი უკან და განეცხადებინათ, რომ  გაიწვევენ არადემოკრატიულ, უკანონო კანონპროექტს. 

ეს არ არის საბოლოო გამარჯვება, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია გამარჯვებისკენ! ვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს აქციის უკანონოდ დაკავებული ყველა მონაწილე! 

საბოლოო გამარჯვება დადგება მაშინ, როცა „ოცნებას“, როგორც  სიმსივნეს, თავისი მეტასტაზებით, ჩვენი უსაყვარლესი ქვეყნის და ხალხის სხეულს ჩამოვაშორებთ. გამარჯვება წინ არის!" - წერს ოქრიაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.