Foto

მდინარაძე კანონპროექტის გაწვევაზე - ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც უკან ვერავინ წაიღებს

კანონი ჩავარდება პირველივე სხდომაზე, როგორც ამას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს - სხვაგვარი დათქმა არ არის, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ "უცხოური აგენტების" კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მდინარაძემ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ე.წ. ამერიკული კანონპროექტი უკვე გამოწვეულია, ხოლო მეორეს, რომელიც ვენეციის კომისიაში გადაიგზავნა, პლენარულ სხდომაზე გასატანად, კომიისიდან უკან გამოიწვევენ.

"აბსოლუტური სპეკულაციაა ტექნიკურ და ფორმალურ დეტალებზე საკითხების გადატანა და ამით მუხტის შენარჩუნების მცდელობა. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც უკან ვერავინ წაიღებს. ხალხის პროტესტზე თუ არის საუბარი, ათმაგი პროტესტი იქნება ამის უკან წაღების შემთხვევაში. მინდა განგიმარტოთ წმინდა ტექნიკური და ფორმალური თვალსაზრისითაც - პირველ მოსმენამდე შესაძლებელია გაწვევა - ერთი კანონის შემთხვევაში ასე მოხდა. რადგან მეორე პირველი მოსმენით არის მიღებული, გაწვევა არის შეუძლებელი, ასევე დაჩქარებულად განხილვაც შეუძლებელია. აქედან გამომდინარე წმინდა წყლის სპეკულაციაა, ამ ლოგიკით შეგვიძლია, ნებისმიერი გაწვეული კანონი დავაინიციროთ და დაჩქარებული წესით მივიღოთ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, დღეს, 9 მარტს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტი გაიწვიოს. უმრავლესობამ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზად კანონპროექტის უარყოფითად წარმოჩენის ხარჯზე საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შეყვანა და "კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში" ახალგაზრდების ნაწილის ჩათრევა დაასახელა.

პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღეს, 8 მარტს კი, პარლამენტის თავმჯდომარემ ის ვენეციის კომისიაში გადააგზავნა. კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. 

ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც.

კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია".