Foto

ხაბეიშვილი - „რუსული ოცნება“ 78 გავრილოვით დასამარცხებელი გვყავს

მნიშვნელოვანია, რომ ეს გამარჯვება იურიდიულად გაფორმდეს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა "უცხოური აგენტების" კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

როგორც ხაბეიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ასევე დაკავებულების გათავისუფლებას უკავშირდება.

"მინდა, გამარჯვება მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს - განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ვინც იბრძოდა და იბრძვის ევროპული მომავლისთვის. ამ ახალგაზრდებმა თავისი უკომპრომისო ბრძოლით, სიტყვები უკან წააღებინეს "რუსულ ოცნებას", თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გაფორმდეს იურიდიულად და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, "ნაციონალური მოძრაობა" უზრუნველყოფს წერილის შეტანას პარლამენტში, სადაც უახლოეს დღეებში, ის, რაც თქვა "რუსულმა პარტიამ - ქართულმა ოცნებამ", ხელმოწერით დაადასტუროს იმიტომ, რომ მათი სიტყვის აღარავის სჯერა, ბევრჯერ მოუტყუებიათ ხალხი. რჩება მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება დაკავებულებს... საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვება, რომელსაც იურიდიული გაფორმება სჭირდება, მაგრამ მთავარი ბრძოლა რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ იწყება ახლა. "რუსული ოცნება" გვყავს დასამარცხებელი მისი 78 გავრილოვით, რომლებმაც ხელი მოაწერეს რუსულ კანონს... ასევე, მნიშვნელოვანია ევროპული მომავალი, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ორი საბრძოლი აქვს ხალხს - "რუსული ოცნების" ჩამოშორება და ევროკავშირის სტატუსი. მე, როგორც ერთი რიგითი პოლიტიკოსი, ჩვენს საზოგადოებას თავი შევთავაზო, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი ქართველი ხალხის ხელში", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა და საზოგადოებას პარლამენტთან, 19:00 საათზე საინფორმაციო შეხვედრაზე შეკრებისკენ მოუწოდა. 

შეგახსენებთ, დღეს, 9 მარტს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტი გაიწვიოს. უმრავლესობამ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზად კანონპროექტის უარყოფითად წარმოჩენის ხარჯზე საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შეყვანა და "კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში" ახალგაზრდების ნაწილის ჩათრევა დაასახელა.

პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღეს, 8 მარტს კი, პარლამენტის თავმჯდომარემ ის ვენეციის კომისიაში გადააგზავნა. კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს.