პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილი არიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები, სტუდენტები და რიგითი მოქალაქეები.
აქციის მონაწილეები ელოდებოდნენ პარლამენტის პლენარულ სხდომას, რომელზეც კანონმდებლებს "უცხოური აგენტების შესახებ" "ხალხის ძალის" კანონპროექტი უნდა ჩაეგდოთ.
აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანომ პლენარულ სესიაზე კანონპროექტი რამდენიმე წუთის წინ, მეორე მოსმენით ჩააგდო. სხდომას სულ 112 დეპუტატი ესწრებოდა. მათგან კანონპროექტის წინააღმდეგ 35 კანონმდებელი წავიდა, 1-მა კი, მხარი დაუჭირა.
შეგახსენებთ, პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღეს, 8 მარტს კი, პარლამენტის თავმჯდომარემ ის ვენეციის კომისიაში გადააგზავნა. მანამდე, კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს.
"უცხოური აგენტების შესახებ" ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გუშინ, 9 მარტს გამოიწვია. გამოწვევის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის შენობასთან არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა.
ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.
აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც.
კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია".
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press