Foto

ხაბეიშვილი - დიდი გამარჯვების შემდეგ გვრჩება მთავარი ამოცანა - ევროკავშირის სტატუსის მიღება

დიდი გამარჯვების შემდეგ, გვრჩება მთავარი ამოცანა, რომელიც სცილდება ვიწროპოლიტიკურ ინტერესებს და ეხება ჩვენს ევროპულ მომავალს, ევროკავშირის სტატუსის მიღებას, - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარლამენტის მიერ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტის მეორე მოსმენით ჩაგდებას.

ხაბეიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ხელისუფლებას მოუწოდა, რომ EU-ს სტატუსის მისაღებად, 12-პუქტიანი გეგმის შესრულება ისევე სწრაფად დაიწყოს, როგორც დღეს "ხალხის ძალის" კანონპროექტი ჩააგდო.

"დიდი გამარჯვების შემდეგ გვრჩება მთავარი ამოცანა, რომელიც ასევე სცილდება ვიწროპოლიტიკურ ინტერესებს და ეს არის ჩვენი ევროპული მომავალი, ევროკავშირის სტატუსის მიღება. მინდა ვუთხრა "რუსულ ოცნებას" - არც ერთი საქართველოს მოქალაქე არ აპირებს დანებებას, ეს ადამიანები იბრძოლებენ ბოლომდე საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, სასწრაფოდ დაიწყოს ყველა პუნქტის შესრულება და ეს მოხდეს ისევე სწრაფად, როგორც დღეს, როდესაც 25 წმ-ში დაასრულეთ პარლამენტის სხდომა და ესეც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იყო ყველაზე ხანმოკლე პარლამენტის სხდომა - ფაქტობრივად დაღეჭეს, ახალგაზრდება დააღეჭინეს ეს რუსული კანონი. ამიტომ, ახალი კვირიდან უნდა დაიწყოს 12 პუნქტის შესრულება იმისთვის, რომ ევროკავშირის სტატუსს არ შეექმნას საფრთხე", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ენმ-ის თავმჯდომარე აქციებზე კანონდამრღვევთა დასჯასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელ განცხადებასაც გამოეხმაურა და ძალოვანი უწყების პირველ პირს, ვახტანგ გომელაურს მიმართა, რომ თუ ანტიპუტინისტების წინააღმდეგ ვენდეტა გაგრძელდება, საზოგადოებისგან ადეკვატურ რეაქციას მიიღებს.

"დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს იყო ყველა წარმატებული პროტესტი. პროტესტი, რომელიც განახორციელა ქართველმა ხალხმა და მიიყვანა გამარჯვებამდე. გულწრფელად უნდა ითქვას, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე - ამ ადამიანების პროტესტი უკავშირდებოდა არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ვიწროპოლიტიკურ ინტერესებს, არამედ ყველაზე დიდი "პარტიის" ინტერესებს, რომელსაც ჰქვია საქართველო, ჩვენი ევროპული მომავალი და ეს ადამიანები იცავდნენ, დაიცვეს და დაამსხვრიეს მითი რუსი ოლიგაქრის, ბიძინა ივანიშვილის დაუმარცხებლობის. ის, რომ აქამდე ბიძინა ივანიშვილი კარნახობდა ქვეყანას დღის წესრიგს, ეს რეალობა არის დანგრეული და ეს რეალობა დაანგრია მისმა აღმატებულება ქართველმა ხალხმა და განსაკუთრებით, ახალგაზრდებმა, რომლებმაც ფაქტობრივად, შეუძლებელი შეძლეს. ამ დღეების განმავლობაში, მათი თავგანწირული ბრძოლის შედეგად, დაიდო შედეგი, რომელსაც ჰქვია - არა რუსულ კანონს! აქ ითქვა ასევე, რომ არა - არამხოლოდ რუსულ კანონს, არამედ რუსულ მთავრობას და კი ევროპას.

მინდა გამოვეხმაურო შსს-ს განცხადებას - კრემლისგან მართულმა გომელაური დღეს პატარა სათამაშო ადამიანის მეშვეობით დაემუქრა ჩვენს ახალგაზრდებს, რომ თურმე უმკაცრესად დაისჯებიან. მე მინდა გაგაფრთხილოთ - ნუ ეთამაშებით ამ ახალგაზრდებს; ნუ ხართ პროვოკაციულები და ნუ ცდილობთ პროვოკაციებზე და მათ ნერვებზე წამოკიდებას. შეეშვით ყველას, ვინც იცავდა ევროპულ მომავალს; შეეშვით ანტიპუტინისტურ აქციაზე მყოფ ყველა ადამიანს. და თუ თქვენ გააგრძელებთ ვენდეტას ამ ადამიანების მიმართ, მე დარწმუნებული ვარ, რომ არათუ პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები, ეს ადამიანები გაგცემენ პასუხს. ამიტომ, ვაფრთხილებ კრემლის აგენტს "რუსული ოცნებიდან" გომელაურს, ღარიბაშვილს, კობახიძეს, ივანიშვილს - არც ერთს არ დაედოს თითი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანებისგან პასუხი ადეკვატური იქნება", - აღნიშნა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ.