მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და სხვა დარღვევებთან დაკავშირებით მიმართავს.
როგორც კოალიციის განცხადებაშია ნათქვამი, “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი "რუსული კანონის" გარშემო არსებული ლეგიტიმური პროტესტის განმავლობაში, მედიის წარმომადგენლებს პროფესიული მოვალეობის შესრულებასა და კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის პროცესში, ხელი მიზანმიმართულად ეშლებოდათ.
კოალიცია აღნიშნავს, რომ აქციების დაშლის პროცესში სამართალდამცავები ხშირად ძალადობდნენ, იყენებდნენ არაპროპორციულ ძალას და მიზანმიმართულად უშლიდნენ ხელს ჟურნალისტებსა და ოპერატორებს გაეშუქებინათ რუსთაველის გამზირზე განვითარებული პროცესები.
"უფრო ზუსტად კი, 2023 წლის 2 - 9 მარტს, საქართველოს პარლამენტის შენობაში/შენობის მიმდებარედ დაფიქსირდა მედიის წარმომადგენელის უფლებების უხეშად დარღვევის ფაქტები:
ფიზიკური ძალის გამოყენებით პარლამენტის ეზოდან გამოაძევეს On.ge-ის რედაქტორი თამარ გეგიძე, შპს “ფორმულას” ფოტოჟურნალისტი ვახტანგ ქარელი და ონლაინ გამოცემა “ნეტგაზეთის” ჟურნალისტი მიხეილ გვაძაბია; დააკავეს “პუბლიკას” დირექტორი ზურაბ ვარდიაშვილი, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს; დააკავეს “ტაბულას” ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი, რომელიც ასევე მოგვიანებით გაათავისუფლეს; დაშავდა “ტელეკომპანია პირველის” ოპერატორი ნიკო კოკაია; დაშავდა “TOK TV”-ის ოპერატორი ხვიჩა გაბუნია და ჟურნალისტი ნუგზარ სუარიძე; 7 მარტს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეეშალა “ფორმულას” ჟურნალისტს მარი წაქაძეს; 8 მარტს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე “ნეტგაზეთის” ჟურნალისტს, მიხეილ გვაძაბიას სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც ჟურნალისტი ამბობს, მას წიხლი ჩაარტყეს. სპეცრაზმელი “ნეტგაზეთის” ჟურნალისტს იმ დროს გაუსწორდა, როცა ის ვიდეოს იღებდა.
8 მარტს, აქციის გაშუქებისას დაშავდა ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტი ირაკლი ბახტაძე. დაზიანებები მან თვალის არეში მიიღო, რაც წიწაკის სპრეიმ გამოიწვია; 8 და 9 მარტს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეეშალა “ტელეკომპანია პირველის” ჟურნალისტ თეა თეთრაშვილს; 9 მარტს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეეშალა “ფორმულას” ჟურნალისტს სალომე ჩადუნელს; 9 მარტს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეეშალა “ფორმულას” ჟურნალისტს გიორგი კვიჟინაძეს; 9 მარტს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეეშალა “ფორმულას” ჟურნალისტს ნიკა საჯაიას.
ონლაინ გამოცემა “პუბლიკას” ცნობით, მის ორ ჟურნალისტს, ალექსანდრე ქეშელაშვილსა და ბასტი მგალობლიშვილს სპეცრაზმმა ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების საშუალება არ მისცა.
აღსანიშნავია, რომ გამოვლენილ დანაშაულებთან დაკავშირებით ჟურნალისტთა უმრავლესობა უკვე გამოიკითხა და გრძელდება დეტალების დაზუსტება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ 16 ჟურნალისტის მიმართ გამოვლენილი დანაშაულების გამოძიება და დამნაშავე პირთა სათანადოდ დასჯა არის მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ შემცირდეს ჟურნალისტების უფლებების დარღვევის გახშირებული შემთხვევები.
კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:
- უზრუნველყოს მედიის წარმომადგენელთა მიმართ სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების, საქმიანობაში ხელის შლების, ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილი ძალადობისა და სხვა შემთხვევების სწრაფი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება;
- მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გამოძიების მიმდინარეობის და გამოკვეთილი შედეგების შესახებ პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას განახლებული მონაცემები", - ნათქვამია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების არ...
თბილისში, პარლამენტთან მიმინარე აქციაზე პოლიცია...
საქართველოს პროკურატურამ, ჯგუფურად ჩადენილი 7 პ...
ყოფილი სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანი...
საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდ...
Mana press