Foto

დეკანოიძე - ძალადობრივ ჯგუფებს, რომლებსაც პარლამენტის წინ ვხედავთ, ხელს „ოცნება“ უწყობს

ძალადობრივ ჯგუფებს, რომლებსაც პარლამენტის წინ ვხედავთ, ხელს "ქართული ოცნება" უწყობს, - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე პრორუსული მოძრაობა „ალტ-ინფოს“ წევრების მიერ საკანონმდებლო ორგანოსთან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნასა და დაწვას.

როგორც დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ძალადობრივი ჯგუფების გზავნილები მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერებისა და რუსი პროპაგანდისტების განცხადებების იდენტურია.

"ძალადობრივი ჯგუფები, რომლებსაც ახლა ჩვენ ვხედავთ საქართველოს პარლამენტის წინ, ესენი არიან ადამიანები, ვისაც ხელს უწყობს "ქართული ოცნების" ხელისუფლება. ჩვენ გვახსოვს 5 ივლისი, როდესაც ჟურნალისტები დაარბიეს, მოკლეს ჟურნალისტი. ჩვენ გვახსოვს ასევე დროშის ჩამოხევა ამ ძალადობრივი ჯგუფების მიერ, მაგრამ ამ ძალადობრივი ჯგუფების გზავნილები რუსული კანონმდებლობისა და ანტიდასავლური ისტერიის ფონზე, ერთიერთზე ემთხვევა უკვე "ქართული ოცნების", ღარიბაშვილის, კობახიძის გზავნილებს, ასევე სიმონიანის, პესკოვის, ლავროვის გზავნილებს. ამ ადამიანების ძალადობრივი მოწოდებების მიუხედავად და დროშის ჩამოხევის მიუხედავად, რაც არის ანტიდასავლური კამპანიის გაგრძელება, საქართველოს საზოგადოების დიდი უმრავლესობა არის პროევროპელი. ამას ვერაფერი ვერ შეცვლის. საქართველო მსოფლიოს დღის წესრიგში დაბრუნდა იმით, რომ მიუხედავად ოლიგარქიული გავლენებისა, არის პროევროპელი", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, დღეს, 14 მარტს პრორუსული მოძრაობა „ალტ-ინფოს“ წევრებმა პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია, თუმცა ძალადობრივი ჯგუფისთვის ხელი არ შეუშლია. „ალტ-ინფოს“ წევრებმა საკანონმდებლო ორგანოსთან გამართულ აქციაზე ანტიდასავლური და ძალადობრივი განცხადებებიც გააკეთეს.