Foto

ბროუდერი სააკაშვილზე - მოკვდება, თუ ციხიდან არ გაათავისუფლეს

მიხეილ სააკაშვილი მოკვდება, თუ ციხიდან არ გაათავისუფლეს, - ამის შესახებ "მაგნიტსკის აქტის" ავტორმა, ბილ ბროუდერმა სტრასბურგში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა.

როგორც ბროუდერმა აღნიშნა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ პოლიტიკურ ვენდეტას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ახორციელებს.

"მე არ ვიცნობდი მიხეილ სააკაშვილს პირადად, მაგრამ როგორც ყველამ, მეც ვიცოდი, როგორი რეფორმატორი იყო ის. განსაკუთრებით გაოგნებული კი, იმ წინააღმდეგობით დავრჩი, რომელიც მან 2008 წელს პუტინს გაუწია, როდესაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა. პუტინი იმდენად იყო მასზე გამწარებული, რომ საჯაროდ თქვა, რომ მას გენიტალიებით ჩამოკიდებდა და მას შემდეგ ის სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკურ ვენდეტას ახორციელებს. 2012 წელს სააკაშვილმა  შვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება, 2021 წელს კი ისევ დაბრუნდა სამშობლოში, რის შემდეგაც ის დააპატიმრეს შეთითხნილი პოლიტიკური ბრალდებებით, ციხეში კი მოწამლეს. ის ახლა სიკვდილის პირასაა. როდესაც მე მისი ფოტოები ვნახე, გაოგნებული ვიყავი იმიტომ, რომ სერგეი მაგნიტსკი გამახსენდა. მე ამის შესახებ ვისაუბრე და სააკაშვილმა წერილი მომწერა, რომელშიც დახმარება მთხოვა. სწორედ ამიტომ, ვარ აქ და მიმაჩნია, რომ ჩემი მოვალეობაა, მის გადარჩენაში წვლილი შევიტანო. ეს საჩქარო საქმეა, რადგან ის მოკვდება, თუ ციხიდან არ გაათავისუფლეს", - განაცხადა ბილ ბროუდერმა. 

ცნობისთვის, დისკუსიას, სახელწოდებით „პოლიტპატიმრები, რომელთა სიკვდილის ბრძანება გასცეს: კარა-მურზა, გორინოვი და მიხეილ სააკაშვილი“ ექსპრეზიდენტის დედა გიული ალასანია და შვილი ედუარდ სააკაშვილიც ესწრებოდნენ. სტრასბურგში მათთან ერთად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძეც იმყოფებიან.