Foto

კრამონი - საქართველოს მთავრობის მხრიდან ბრალდებები, არ აადვილებს მომავალ თანამშრომლობას

არცერთ ჩვენგანს არ აქვს საქართველოს ომში ჩართვის ინტერესი. ეს ბევრჯერ გვითქვამს და არ არსებობს მსგავსი ტყუილის განმეორების საფუძველი, - ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაჟღერებულ ბრალდებას კორუფციასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მხრიდან გაჟღერებული ბრალდებები არ აადვილებს ქვეყნის ევროკავშირთან მომავალ თანამშრომლობას.

გარდა ამისა, ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ მთავრობას ქმედითი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი, როგორც სასამართლო და საარჩევნო რეფორმების, ასევე დეოლიგარქიზაციის კუთხით.

"პირველ რიგში, არცერთ ჩვენგანს არ აქვს საქართველოს ომში ჩართვის ინტერესი. ეს ბევრჯერ გვითქვამს და არ არსებობს მსგავსი ტყუილის განმეორების საფუძველი. ეს და სხვა ბრალდებები კორუფციასთან დაკავშირებით, ცხადია, მიმართულია ევროპარლამენტის დისკრედიტაციისკენ, ჩვენი მუშაობის დელეგიტიმიზაციისკენ, მაგრამ ჩვენი ჯგუფის არც ერთ წევრს, არასდროს აუღია ფული. მსგავსი რაღაცები ერთმანეთთან არ გვაახლოებს, მთელ ამ დრამას და სპექტაკლს, რუსული კანონის, ე.წ უცხოური აგენტების კანონის გარშემო აქვს საბჭოთა სულისკვეთება და არის საბჭოთა ტიპის და ახლა ჩვენ მიმართ ბრალდებები, როგორც პერსონალური ასევე ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ, არ აადვილებს მომავალ თანამშრომლობას. ერთია კანონის უკან გაწვევა და მეორეა 12 რეკომენდაციის შესრულება. ამ ნაწილში ისევ საწყის ეტაპზე ვართ და არ გვინახავს მნიშვნელოვანი ნაბიჯები სასამართლო თუ საარჩევნო რეფორმის თვალსაზრისით, მოსაგვარებელია დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაციაც, ეს უნდა გადაიჭრას მთავრობის მხრიდან, ისინი არიან პასუხისმგებელი და უნდა იმოქმედონ", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.