Foto

მორგოშია - EU-ს დროშა რომ კიდია პარლამენტთან, დანაშაული და ჩვენი სირცხვილია

ევროკავშირის დროშა რომ კიდია პარლამენტთან, დანაშაული და სირცხვილია, - ამის შესახებ პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" წევრი კონსტანტინე მორგოშია აცხადებს.

როგორც მორგოშიამ "ტვ პირველთან" საუბრისას აღნიშნა, "ალტ-ინფოს" აქცია და პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა და დაწვა ყველა რუსულმა სატელევიზიო არხმა გააშუქა, რაც "კონსერვატიული მოძრაობის" წევრის აზრით, ნიშნავს ერთს - მოსკოვს ეცოდინება, რომ საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას "გაუგებარი ხალხი" არ წარმოადგენს.

"დროშის ჩამოხსანასა და დაწვაზე საქმე როგორც ვიცი აღძრულია ადმინისტრაციული ოქმებით. დაკავებით, არ დააკავებენ არავის, სავარაუდოდ, ჯარიმა იქნება. ზურა [მახარაძე] იყო და თქვა თვითონაც მიტინგზე, რომ მე ვიყავიო. დასაბარებელი რა არის, ჯარიმას დაუწერენ... ევროკავშირის დროშა რომ კიდია პარლამენტთან, ეგ არის დანაშაული. მე ასეთი პოზიცია მაქვს და საქართველოს ძალიან დიდ ნაწილს - ეგ დროშა რომ მანდ კიდია, ეგ არის ჩვენი სირცხვილი. ევროპა კარგია თავისი ღირებულებებით, რაც მე მომწონს... გუშინდელი ეთერები [რუსული] ვნახე და ყველგან არის პოზიტივი. ყველა არხზე, რაც კი ვნახე, ყველგან ყველაფერი დაიწყო ამ ამბით. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსკოვშიც და სხვაგანაც ეცოდინებათ, რომ მარტო ეს გაუგებარი ხალხი არ წარმოადგენს საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას. ჩვენ შევიკრიბეთ ჩვენი ოფისის დასაცავად, ჩვენ არც გვქონია აქცია, სპონტანურად გავიარეთ. ჩვენ რომ დაგვჭირდეს - ვინ მეტი გამოვა - დამიჯერეთ, ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება ყველა, ჩვენ თუ გამოვედით. პირდაპირ გეუბნებით - ღმერთმა დაგვიფაროს ჩვენც და ისინიც", - ამბობს მორგოშია.

კითხვას, მიიღეს თუ არა დავალება რუსეთის ფედერაციისგან, რომ საქართველოს დედაქალაქში არეულობა მომხდარიყო, "კონსერვატიული მოძრაობის" წევრი ასე პასუხობს:

"არა, რა თქმა უნდა. ჩვენ მითითებებს არ ვიღებთ არავისგან. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენით".

შეგახსენებთ, გუშინ, 14 მარტს პრორუსული მოძრაობა „ალტ-ინფოს“ წევრებმა პარლამენტთან აქცია გამართეს და ევროკავშირის დროშა დაწვეს. ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია, თუმცა ძალადობრივი ჯგუფისთვის ხელი არ შეუშლია. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას გულისხმობს.