Foto

რამდენად რეალურია რუსეთის ჯარში 400 000 საკონტრაქტო ჯარისკაცის გაწვევის გეგმა?

რუსული გამოცემა Ura.ru, ურალის რეგიონების ხელმძღვანელობაში თავის წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ 1 აპრილიდან რუსეთში საინფორმაციო კამპანია დაიწყება შეიარაღებულ ძალებში საკონტრაქტო ჯარისკაცების გადაბირების მიზნით. გაზეთი ამტკიცებს, რომ წლის ბოლომდე ხელისუფლება 400 000-მდე პროფესიონალ სამხედროს საკონტრაქტო სამსახურში მიიღებს.

თითოეულ რეგიონს აქვს საკუთარი კვოტა. მაგალითად, სვერდლოვსკისა და ჩელიაბინსკის რაიონებში წლის ბოლომდე მოსალოდნელია 10 ათასი კონტრაქტის გაფორმება, პერმის მხარეში და იამალო-ნენეცის ავტონომიურ ოლქში, სტანდარტი უფრო დაბალია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ახალი გეგმის ამბიციურობის შესაფასებლად, უნდა გვახსოვდეს, რამდენად შორს წავიდა რუსული არმია საკონტრაქტო სამსახურზე გადასვლისას უკრაინაში შეჭრამდე. ისეთ სტრუქტურაში გადასვლის აუცილებლობაზე, სადაც ჯარის ხერხემალი პროფესიონალი ჯარისკაცები იქნებოდნენ და არა წვევამდელები, უკვე წლებია საუბრობენ. რეალურად, რეკრუტირების პროცესი ძალიან რთული იყო. კონტრაქტორების რაოდენობის ზრდას 200-დან 400 ათას ადამიანამდე, თუნდაც ოფიციალური მონაცემებით, 8 წელი დასჭირდა - 2012 წლიდან 2020 წლამდე. შედეგად, რუსული არმიის რეფორმა, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო, ძირითადად არასოდეს დასრულებულა.

თუ ჯერ კიდევ შემოჭრის დაწყებამდე 400 000 საკონტრაქტო ჯარისკაცის დაკომპლექტებას, წვრთნას და ჯარის სტრუქტურაში ინტეგრაციას წლები დასჭირდა, მაშინ ბოლომდე გაურკვეველია, როგორ აპირებს რუსეთის არმია კიდევ 400 000-ის გადაბირებას სულ რაღაც 8 თვეში.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველმა თვემ აჩვენა, რომ ერთეულების რაოდენობა ქაღალდზე გადაჭარბებული იყო. შეიარაღებულ ძალებს ჰქონდათ სამხედრო აღჭურვილობის სიჭარბე და გაწვრთნილი პერსონალის მწვავე დეფიციტი (პირველ რიგში სერჟანტები).

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ვინ მოამზადებს ყველა ამ ახალწვეულს? შემოსევის წლის განმავლობაში რუსეთმა დაკარგა 1700-ზე მეტი ოფიცერი, მათი უმეტესობა ლეიტენანტი და კაპიტანია, რომლებიც ჩვეულებრივ ამზადებენ და კოორდინაციას უწევენ თავიანთი ქვედანაყოფების პერსონალს. გარდაცვლილი ოფიცრების სწრაფად ჩანაცვლება შეუძლებელია, რადგან მათ წვრთნას წლები სჭირდება.

ამავდროულად, როგორც მობილიზაციის პირველმა ტალღამ აჩვენა, რუსული არმიის ამჟამინდელი ინფრასტრუქტურა მზად არ იყო ახალწვეულთა დიდი მასის მისაღებად, დასაბინავებლად და მოსამზადებლად. ეს გამოიხატებოდა ჩვეულებრივი ფორმებისა და საბრძოლო მასალის ნაკლებობაში, აგრეთვე რეზერვიდან გამოძახებულთა საბრძოლო მომზადებისა და ელემენტარული განსახლების პირობების რიგ ნაწილებში არარსებობით.

ამის შემდეგ რუსეთმა განაგრძო ფრონტზე ათობით უმცროსი ოფიცრის დაკარგვა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უცნობია, სად გეგმავს რუსეთი კიდევ 400 000 საკონტრაქტო ჯარისკაცის მოძიებას და ვინ მოამზადებს მათ.