Foto

კუბილიუსი - პროევროპულ ოპოზიციას შეუძლია, EU-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ქართველი ხალხის ინტერესები დაიცვას

ქართველებს აქვთ სურვილი, შეუერთდნენ ევროკავშირს. სამწუხაროდ, მთავრობა ინტეგრაციის გზაზე მთავარი დაბრკოლება გახდა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა სტრასბურგში ქართველ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კუბილიუსის თქმით, პროევროპული ოპოზიცია არის ალტერნატივა, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ქართველი ხალხის ინტერესების დაცვა შეუძლია.

"ძალიან კარგი შეხვედრა იყო და ძალიან სასიამოვნოა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ასე ერთად ჩამოვიდნენ აქ. ჩვენ დავინტერესდით, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებენ მომავალში და მკაფიოდ ვთქვით, რომ ქართველებს აქვთ სურვილი, შეუერთდნენ ევროკავშირს. სამწუხაროდ, მთავრობა ინტეგრაციის გზაზე გახდა მთავარი დაბრკოლება. ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური პროვოკაციები "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით, მაგრამ მაქვს მოლოდინი, რომ იქნება უფრო მეტი პროვოკაცია. პროევროპული ოპოზიცია არის ალტერნატივა, რომელსაც შეუძლია დაიცვას ქართველი ხალხის ინტერესები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.  როგორ გააკეთებენ ისინი ამას, რა გამოვა მომავალი წლის არჩევნებიდან და ასე შემდეგ - ჩვენ ყველა ეს საკითხი განვიხილეთ. ჩვენი ინტერესია, დავეხმაროთ ქართველ ხალხს", - აცხადებს კუბილიუსი.