Foto

კლევერლი - მოგიწოდებთ, მასმედიის თავისუფლებასა და სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ვალდებულებები გააძლიეროთ

მოგიწოდებთ, განაახლოთ და გააძლიეროთ თქვენი ვალდებულებები მასმედიის თავისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანმა, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა.

როგორც ჯეიმს კლევერლიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ბრიტანეთი ქვეყნის მტკიცე და ურყევ მეგობრად დარჩება. 

"საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის განვითარების მიმართულებით, 1987 წელს მარგარეტ ტეტჩერის ისტორიული ვიზიტის შემდეგ. იმისთვის, რომ გამყარდეს თქვენ დემოკრატია და გაძლიერდეს თქვენი ინსტიტუტები იმათ წინააღმდეგ, ვისაც სურს, ძირი გამოგითხარონ. მოგიწოდებთ, განაახლოთ და გააძლიეროთ თქვენი ვალდებულებები მასმედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, აყვავებულ სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებით და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ და დავრჩებით მტკიცე და ურყევი მეგობრად საქართველოსი. ველი იმას, რომ ჩვენი ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავა", - განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ. 

შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი საქართველოს გუშინ, 16 მარტს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს კლევერლი ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილსა და საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობა.

აღსანიშნავია, რომ ბოლოს, გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანი საქართველოს 2016 წელს სტუმრობდა.